სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, თითქოს წყალი არავის მიეწოდება და ბაკურიანიდან დამსვენებლები გარბიან, არის სიცრუე და აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაკურიანში იმყოფება.
ამის შესახებ ინფრმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტების 90% სრულად მარაგდება წყლით 24 საათის განმავლობაში, პრობლემურია, დაახლოებით, 10%, სადაც აბონენტების ნაწილი წყალს გრაფიკით იღებს, ნაწილს კი, წყალმზიდებით ვამარაგებთ. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ღამით უკვე დამთავრდება სამუშაოები, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევავსოთ ის რეზერვუარები, საიდანაც მარაგდება მთლიანად ბაკურიანი. შედეგად, არსებული გათვლებით, კიდევ 60%-ით გაიზრდება წყალმომარაგება. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, როგორც ჩვენი მოსახლეობა, ისე სტუმრები, რომ ყველა სამსახური მობილიზებულია და ვცდილობთ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრას, სასტუმროების მენეჯერებს და მედიასაშუალებებს კი მინდა ვთხოვო, რომ იყვნენ მაქსიმალურად ადეკვატურები, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს კურორტი საერთოდ პარალიზებულია,“ - აცხადებს ილია ბეგიაშილი.
მინისტრის მოადგილე ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა წყლის მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამო და ვითარების ოპერატიულად გამოსწორებას ჰპირდება.