ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იგეგმება სტაბილური ინსტრუმენტების შექმნა DRG მოდელის განახლებისთვის. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, "დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების" დაფინანსების (DRG) მეთოდის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, მინისტრმა არ დააკონკრეტა რა ინსტრუმენტების შექმნაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის დაეხმარება მოდელის სისტემურად გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი ცვლილებების ეფექტიან შედეგში ეჭვი ეპარება ჯანდაცვის სპეციალისტ ვახტანგ კალოიანს. მისი თქმით, DRG მექანიზმს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის და ჯანდაცვის პოლიტიკაში ძირეული ცვლილებებია საჭირო. “მთავარი პრობლემა რჩება ის, რომ DRG-ის მოდიფიკაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, არ არის ორიენტირებული პაციენტზე, არ არის ორიენტირებული გამოსავალზე, ხარისხზე, პაციენტის სიცოცხლეზე. დათვლის პრინციპი, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების ინტერპრეტაციაა DRG-ის სისტემის. გამოსავალს რაც შეეხება, არ დაგიმალავთ, არაფერს არ ველოდებით. გუშინ მოვისმინეთ ჩვეულებრივი წყალი, რომელსაც არ ჰქონდა შინაარსი. იყო რაღაც ზოგადი ფრაზები, რომ ყველასთვის ყველაფერი ოდესმე კარგად იქნება.
სამწუხაროდ, არცერთ საკითხზე, რაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ მსჯელობა არ წასულა. თავიდანვე ვთვლიდით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრი ვინ იქნება, ჯანდაცვის პოლიტიკა, თავიდანვე გაცხადებულია ქართული ოცნების მხრიდან და ისინი ამ გზას მიჰყვებიან არაეფექტიანად. შედეგად გვაქვს ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და ძალიან ბევრი ადამიანი იღებს უხარისხო მომსახურებას,” - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი.