მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მის ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა... გაგრძელების საჭიროება არ იყო" - კალაძე სოფრომაძის გათავისუფლებაზე

კალაძე

თბილისის მერის ირწმუნება, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სპეკულაციაა.

როგორც კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა.

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიაში დასაქმებულებისთვის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმა არასდროს შეუზღუდავთ.

„ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს. უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებდა. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ნიკა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო. ჩვენ თუ ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ ამ ადამიანებსაც გავუშვებდით სამსახურიდან, მაგრამ არ გვქონია ეგ დამოკიდებულება. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა. ის, რაც გააკეთა საჯარო სამსახურების ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ შენ შეგიძლია საკუთარი სახელით ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ შენს თანამშრომლებს, აყენებ შეურაცხყოფას, რომ მოაწერონ ხელი. ამის მტკიცებულებები არსებობს. პიროვნულად ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიგა სოფრომაძემ თბილისის მერიიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას 26 დეკემბერს Facebook-ის პირად გვერდით გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილებაზე გარკვეული კითხვები გააჩნია.

"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიულ კავშირში - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" თბილისის მერიის თანამშრომლის გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და ორგანიზაციაზე პირდაპირ დარტყმად აფასებენ.

აღსანიშნია, რომ გიგა სოფრომაძემ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც თბილისის მერიის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმომწერები “ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგეს, ემიჯნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები