მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, შესაძლოა, 200 000 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო დევდარიანმა განაცხადა.
მისი თქმით საკითხი, რომ კრედიტის მაქსიმალური ზღვარი გადაიხედოს ეროვნულ ბანკში დაყენებულია, სექტორი ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მხრიდან ელის ინიციატივას, რომ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შევიდეს ცვლილებები და ზღვარი 200 000 ლარამდე აიწიოს.
ნინო დევდარიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„2018 წელს მოხდა მაქსიმალური ზღვრის დაწესება და 50,000 ლარიდან 100 000 ლარამდე ზრდა. განვლილი 5 წლის განმავლობაში სექტორი კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღდა, გაიზარდა რეგულირების ჩარჩოც, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ის (მიკროსაფინანსო სექტორი) იმსახურებს უფრო მაღალ ნდობას, თუნდაც დაკრედიტების ზღვრის მიმართულებით,“ - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
„მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, ინიციატივაზე პასუხს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას სექტორი 2024 წლის პირველ ნახევარში ელის.
ინფორმაციისთვის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონის თანახმად, ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.