მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებებს "ქართული ოცნების" პარლამენტმა დღეს მხარი მესამე მოსმენით 82 ხმით დაუჭირა.
კანონპროექტი ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, მისი ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობის გაზრდა 100 000 (ასი ათასი) ლარიდან 200 000 ლარამდე ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტების განვითარებას და გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. დღეის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო სექტორი არ არის ერთგვაროვანი როგორც ზომის, ისე პროდუქტების თვალსაზრისით. რაც შეეხება მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 200 000 ლარამდე ზრდას, აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტების შემოღებას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არსებული კლიენტების შენარჩუნებას, თუმცა ამ შესაძლებლობის პარალელურად გათვალისწინებულ უნდა იყოს მსხვილი სესხების რისკის გავლენა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე და გაზრდილი რისკი უნდა შემოისაზღვროს კაპიტალის მოცულობის გათვალისწინებით. აღნიშნული რისკის შემოფარგვლა ხელს შეუწყობს, რომ მცირე კაპიტალის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არ აიღონ იმაზე მეტი რისკი, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვთ.
ამასთან დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ რისკების მიტიგაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, შეიმუშაოს რეგულირების ჩარჩო და განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საკრედიტო კოეფიციენტების სახით, კერძოდ, ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული იმ სესხის ჯამური ოდენობის თანაფარდობის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა იმ სესხის ჯამური ოდენობის თანაფარდობის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შევა, იმისთვის რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰქონდეს გონივრული ვადა, რომ შეიმუშაოს და მისოებისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ცვლილებებით, კანონს უკუძალის ეფექტი არ ექნება.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ სექტორის სასესხო პორტფელის ზრდასთან ერთად დასაბეგრი ბაზაც გაიზრდება, რაც სექტორის მიერ ბიუჯეტში გადასახადების გადახდას გაზრდის.
„კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს მიკროსაფინანსო სექტორის მომხმარებლების ისეთ მნიშვნელოვან ნაწილზე, როგორიცაა წვრილი მეწარმეები და სოფლის მეურნეობის სექტორის მსესხებლები, რომლებსაც ფინანსურ რესურსზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ მიკროკრედიტზე დაწესებული 100 000 (ასი ათას) ლარიანი ლიმიტის გათვალისწინებით. გაზრდილი ლიმიტი კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას. ამასთან, კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს თავად სექტორზეც, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მისცემს ახალი პროდუქტების შეთავაზების, არსებული კლიენტების შენარჩუნებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის შესაძლებლობას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სექტორი ცვლილების საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობს. ჯერ კიდევ 2023 წელს, მაშინდელ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე ერთ-ერთი სადისკუსიო თემა სწორედ ლიმიტის ზრდა იყო.
ცნობისთვის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, განსაზღვრავდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობას ერთ მსესხებელზე არაუმეტეს 50 000 ლარისა. 2017 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, მიკროკრედიტის მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. "აღსანიშნავია, რომ ლიმიტის ზრდასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებით გაძლიერდა სექტორის რეგულირებაც, რამაც სექტორი უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე, და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა. ამასთან, აღნიშნულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა კონკურენტული გარემო და შედეგად მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი პორტფელის მოცულობა 1.1 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.