ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გუშინ ღამით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ყაზახური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 იანვრის ღამის საათებში ალმათის მცხოვრებლებმა ძლიერი მიწისძვრა იგრძნეს. პირველი ბიძგებიდან 49 წუთში ბიძგები კვლავ განმეორდა.. სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მოხდა და მისი სიმძლავრე 6.5 მაგნიტუდა იყო. ალმათიში 5 მაგნიტუდის ბიძგები იგრძნობოდა.
„ამ დილის მონაცემებით, გასული ღამის პირველი საათიდან მოყოლებული ალმათიში სამედიცინო დახმარების მოთხოვნით სხვადასხვა ფორმის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებით, როგორიცაა სისხლჩაქცევები და კიდურების დაჭიმვა, 44 ადამიანმა მოგვმართა. განსხვავებული დიაგნოზით ისინი ქალაქის სხვადასხვა სტაციონარში გადანაწილდა. მათგან 34 ზრდასრულია, რომელთაგან 3 ჰოსპიტალიზებულია, 31 კი ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიგზავნა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამედიცინო დაზიანება ასევე 10-მა ბავშვმა მიიღო, რომელთაგან 5 ჰოსპიტალიზებულია, 5 კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.