საკონდიტრო „დონა“ სააღდგომო სეზონს აქტიურად ხვდება და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კლასიკური პასკების ფასის შენარჩუნებას გეგმავს. ამის შესახებ „დონას“ ხელმძღვანელმა, თამილა ბეჟანიძე, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენების გამო გარკვეულ ნედლეულზე, მათ შორის ჩირებსა და სანელებლებზე ფასების ზრდა უკვე შეინიშნება, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ეს ცვლილება მომხმარებელს არ შეხებოდა.
„წელს ვინარჩუნებთ კლასიკური პასკების ფასს. გაყიდვაში გვექნება ორი ზომა - 750-გრამიანი და დაახლოებით 1.400-გრამიანი პასკა. ამ მიმართულებით ფასები უცვლელია“, - აღნიშნა ბეჟანიძემ. ხოლო, ხაჭოს პასკების შემთხვევაში, ის დასძენს, რომ ფასის მხოლოდ უმნიშვნელო კორექტირება მოხდა, რომელიც მომხმარებლისთვის დისკომფორტის შემქმნელი არ იქნება.
რაც შეეხება მოთხოვნას, თამილა ბეჟანიძის თქმით, ტრადიციული „ფუსფუსი“ წლიდან წლამდე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოლოდინებით სავსე პერიოდია. „უკვე დავიწყეთ პასკებისა და პანეტონეების მცირე მოცულობით წარმოება და რეალიზაცია, რაც გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა უკვე გაზრდილია. წინასწარი გაყიდვებიც ამ ტენდენციას ადასტურებს. გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გაიზარდა მწარმოებლების რაოდენობაც, რაც კონკურენციას აძლიერებს“, - განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია როგორც ტრადიციულ პასკებზე, ასევე იტალიურ პანეტონეზე. გარდა ამისა, „დონა“ მომხმარებელს კვლავ სთავაზობს ხაჭოს პასკის რამდენიმე ვერსიას - კლასიკურს, ფსტის, შოკოლადის და ქოქოსის. ბოლო ვარიანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც კვერცხს არ მიირთმევს.
ბეჟანიძის თქმით, ხაჭოს პასკები, ტრადიციულად, მხოლოდ წინასწარი შეკვეთით იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანიაში კორპორატიულ შეკვეთებს ელოდებიან, რომლებიც წინა წლებშიც შთამბეჭდავი მოცულობით გამოირჩეოდა. „უკვე ვიწყებთ დაგეგმვას და მზად ვართ სხვადასხვა ტიპის შეკვეთების შესასრულებლად“, - განაცხადა „დონას“ ხელმძღვანელმა.




























