მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას - ასოცირებული ტრიო

61bae6ae968b1
BM.GE
16.12.21 11:12
447
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მზაობა, გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, მათ შორის გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და რეფორმებში წინსვლის მიზნით, რათა დავაკმაყოფილოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები", - ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა.

გარდა ამისა, ასოცირებული ტრიო მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას სახელწოდებით - „აღდგენა, მედეგობა და რეფორმები“, რომელიც ბრიუსელში გამოქვეყნდა.

„მივიღეთ რა 2020 წლის შემდგომი მომავალი თაობის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და პრიორიტეტები, ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და პერსპექტიული აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, რომელიც ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს, თანამფლობელობასა და ერთობლივ პასუხისმგებლობას.

ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ფლაგმანურ ინიციატივებს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ასოცირებული ტრიოს ინიციატივა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ხალხების ევროპულ არჩევანს, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ იდენტობას და შექმნილია ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სტრატეგიული განვითარების ერთგული რჩება დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ასოცირებული ტრიოს შეფასებით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ ღირებულებებს და მოწოდებულია მათი ხელშეწყობისთვის, შეუძლია განაცხადის შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საერთო ღირებულებების პატივისცემა და ასოცირების შეთანხმებების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით (DCFTA), ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მომავალ პროგრესულ განვითარებას. ასევე შევნიშნავთ, რომ ასოცირების შეთანხმებების, მათ შორის DCFTA-ის ეფექტური განხორციელება, საკანონმდებლო დაახლოების უფრო ფართო პროცესის ჩათვლით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ამას ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს.

ჩვენ ვაღიარეთ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც მიზნად ისახავს კოორდინაციის გაზრდას საერთო ინტერესის საკითხებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, მათ შორის ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ეხება“, - ნათქვამია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები