მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, ევროკავშირის მიმართულებით გაიხსნება მოლაპარაკებები - კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალაში რჩება შეთავაზება, რომ კანონის ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს. კობახიძე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას.

ბორელიმ თქვა: „საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა - ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“.

“როცა საუბარია განცხადებებზე, პირველ რიგში გვეკითხებიან იმას, თუ რატომ ვერ დავარწმუნეთ ისინი ჩვენს პოზიციაში. ვიდრე იმაში ვერ დავარწმუნებდით, რომ განცხადება არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ, რომ დაფინანსება გამჭვირვალე გაეხადათ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ეს განცხადებები. ის, რომ NGO წელიწადში ერთხელ წარადგენს დეკლარაციას, ეს არის პოზიტიური მოვლენა. როცა ხორციელდება დაფინანსება, მისი დიდი ნაწილი მიმართულია პოზიტიურ მოვლენებზე, თუმცა არის მაგალითები, როცა დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია არასწორი ნაბიჯებისკენ.

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით. როცა ჯოზეფ ბორელი და სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რასაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ, დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს”, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ერევა თუ არა ბორელი ჩვენს საქმეში - პრემიერი პასუხობს: “რა თქმა უნდა, ეს ჩარევაა”.

პრემიერი ფიქრობს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სწორედ იმიტომ მიიღო, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თავისი სიმართლე ბოლომდე გაიტანა.

"25 ელჩის დემარში იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა. ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, ევროკავშირის მიმართულებით გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ ჩვენი. ახლაც გავიტანთ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე და გაიხსნება მოლაპარაკებები. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი[სააკაშვილის საქმეზე] და ამიტომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები