მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივმართავ ბიზნესს: რაც უფრო დიდხანს არ გამოხატავთ პროტესტს, მით უფრო დაზარალდებით - მარინა გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ბიზნესს მიმართავს და პოზიციის, პროტესტის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაშია და იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტი კიდევ უფრო მეტად არ აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ვლინდება, მოსახლეობასთან ერთად საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო სექტორმაც უნდა დააფიქსიროს.

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი განმარტავს, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოსული მოსახლეობის პროტესტი ლეგიტიმურია. მარინა გულედანი იმასაც აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი, ისევე როგორც ბიზნესი მოატყუა და შეუქმნა იმის განცდა, რომ მათი ხელისუფლება პროევროპულ გზაზე იყო. დღეს კი მმართველი პარტიის ამომრჩევლები მოტყუებულები დარჩნენ, რაც ისახება კიდევ საზოგადოების პროტესტში. „საქმიან დილაში“ სტუმრობისას მარინა გულედანი ამბობს, რომ ბიზნესის ნაწილმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ძალადობა დაგმო, თუმცა ის ნაწილი, რომელიც დღეს ჩუმად არის უნდა გამოფხიზლდეს, რადგან მათ ამ პროცესებისადმი „იმუნიტეტი არ აქვთ“.

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილის განცხადებები ბანკებიდან დეპოზიტების გატანის შესახებ ბიზნესისთვის ძალიან დიდი რისკის მატარებელია.

ველი, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება - მარინა გულედანი

„რა ხდება შიგნით? მოქალაქეებზე ვსაუბრობ, რომლებიც უმნიშვნელოვანესი წყაროა ყველაფრისთვის, მათ შორის ბიზნესისთვის. ეს პროტესტი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არჩევნების შედეგების მიმართ აქვს, უამრავი სარჩელია დაწერილი და ამ არჩევნების ლეგიტიმურობაზე მე კითხვის ნიშანი არ მრჩება. მთავარი ვინც არჩევნები უნდა აღიაროს ხალხია, რომლებიც დღეს ქუჩაშია გასულები.

სულ რომ ყველას სჯეროდეს, რომ მანამდე „ქართული ოცნება“ ევროკავშირში შესვლას აპირებდა დღეს ხომ ცხადია, რომ არ აპირებს. მე თუ რეფერენდუმის შედეგად კონსტიტუციაში მიწერია, რომ ევროინტეგრაცია მინდა, შენ გამოდიხარ და ამ ფუნდამენტურ რამეზე ამბობ, რომ ამას აჩერებ, ეს უკვე საკმარისია იმისთვის რომ ქუჩაში გავიდე და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო შენი ლეგიტიმაცია. იმიტომ რომ შენ მე მომატყუე არჩევნების წინ, მე შენ მოგეცი ხმა და გამომიცხადე, რომ ამას არ აპირებ, ოცნების ამომრჩეველზე მაქვს ახლა საუბარი. ანუ მეც აღარ მინდიხარ... ეს მუხტი და ადამიანების რაოდენობა ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული და გავანებოთ თავი ოპოზიცია, პოზიციას. სად მიდის ეს ბრაზი? შენ მე მიჭერ, მცემ, სასამართლოში მივდივარ და სამართალს ვერ ვპოულობ, შენი სისტემა მატერორებს, არანაირი გასაქანი ჩვენს ბრაზს გარდა იმისა რომ ქუჩაში გამოვიდეთ, არ აქვს და ყველაზე ცუდი, რისიც ბოლო რამდენიმე დღეა მეშინოდა, ის არის რომ დეპოზიტების გატანისკენ მოუწოდებენ ერთმანეთს, ვიყიდოთ დოლარი. ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული გადაწყვეტილება, ის ნაწილი რომელიც ქუჩაში დგას და განათლებულია, ერკვევა სისტემა როგორ მუშაობს სოციალურ ქსელში მოწოდებებს წერენ - ბიზნესი, რა გინდა მე დავზარალდე და შენ თბილად იჯდე და ხმა არ ამოიღო? რა ფორმით გამოხატავს იმ ბრაზს... ამ შემთხვევაში უდიდესი რისკია. ეს პროცესები სტიქიურია და თუ დეესკალირება დროზე არ მოხდება არავინ იცის რით დასრულდება... ადამიანები, რომლებიც მაშხალებს ისვრიან და რობოკოპებს ებრძვიან, მათ ვერ შეაჩერებ... ისინი თავისი რესურსით ყიდულობენ მაშხალებს... ეს ადამიანები მათ შორის ინტელექტუალური ძალაა, რომელიც ბიზნესსაც ამოძრავებს...

მინდა ბიზნესს მივმართო - არ გაქვთ იმუნიტეტი... ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, სადაც მათ შორის ძალიან ცხადად ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა. რა დასკვნა გავაკეთო - „ქართულმა ოცნებამ“ შენც მოგატყუა? კულუარებში გარანტიებს რომ იღებდნენ იანვრამდე გვაცადეთო, ისინიც ხომ მოტყუვდნენ... დროა, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამ სეგმენტმაც აიღოს და რაც უფრო დიდხანს გაჭიმავენ დროს და პროტესტს არ გამოხატავენ, რომ უფრო მეტი წნეხი იყოს „ქართულ ოცნებაზე“, მით უფრო დაზარალდება თვითონ ბიზნეს, რადგან ეს ტრენდი, რომელიც ლარის კურსშიც გამოიხატება არსად წავა სანამ ახალი არჩევნები არ გამოცხადდება“, - მიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მარინა გულედანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები