მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზანია, საქართველო მოვიცვათ - „უმალის“ დირექტორი

უმალი

თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია "უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიტო წვერავა ამბობს, რომ სამომავლო გეგმებში საქართველოს ყველა რეგიონის მოცვაა, რისთვისაც ქსელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც “უმალის“ დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, კომპანიის გაყიდვამდე წარმოება დროებით შეჩერებული იყო, თუმცა უკვე ერთი წელია, პროცესი განახლდა და “უმალი" ქსელებში თავიდან შევიდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა, საწარმოში დასაქმებულების რაოდენობა კი 80-დან 105-მდე გაიზარდა.

„2022 წლის ივნისში საწარმო ფაქტობრივად გაჩერდა და მისი გაყიდვის პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდა, თითქმის ყველაფრის დაწყება თავიდან მოგვიხდა. 2023 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად აღვიდგინეთ ძალები. გასული წლისთვის დასახული მიზნები 90%-მდე შესრულდა. ყველა ქსელში თავიდან შევედით, აღვადგინეთ ყველა სახეობის წარმოება. წლიურად ნავაჭრი დაახლოებით 8 მილიონ ლარამდე იყო. ტენდენცია მზარდია, მოთხოვნა არის, ჩვენი მიზანია საქართველო მოვიცვათ. ამ ეტაპზე ძირითადად თბილისში ვართ და 30-40%-ით ვართ დანარჩენ საქართველოში, ყველა ქსელთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ რეგიონებიც მოვიცვათ.

საფასო პოლიტიკა იგივე გვაქვს, გარკვეული პროდუქტები გაიაფდა კიდეც, დაახლოებით 5%-ით. დასაქმებულების რაოდენობა 105 ადამიანამდე გაიზარდა, მათი უმრავლესობა ადგილობრივია“,- ამბობს დიტო წვერავა.

„უმალის“ პროდუქცია ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ექსპორტს ევროპული ბაზრის შესაბამისი სერტიფიკატების არარსებობა აფერხებს.

„საექსპორტო გეგმებზე ცოტა რთულადაა საქმე, ექსპორტს ძირითადად ევროპულ ქვეყნებში ვფიქრობდით, თუმცა ის სერტიფიკატები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამ ეტაპზე, საქართველოში არ გაიცემა. როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით, მერე ალბათ გამარტივდება“,- აღნიშნავს „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი.

თევზის გადამმუშავებელი საწარმო შპს ახალი თევზი, რომელიც 2017 წლიდან „უმალის" ბრენდის სახელით ოპერირებს, ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. „სინერჯი“ „უმალის“ 30%-იანი წილის მფლობელი 2021 წელს გახდა.

ცნობისთვის, საქართველოში თევზის იმპორტი ექსპორტს კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს თევზის იმპორტმა რეკორდულ 9.7 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ექსპორტს 4-ჯერ აღემატება. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოსთვის თევზის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია. გასული წლის მონაცემებით, საქართველომ ახალი ან გაცივებული თევზი შემდეგ ქვეყნებში გაყიდა:

  • სომხეთი - 1.5 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 797 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 62 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები