საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის წარმომადგენლის გიორგი ნიორაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სექტორული კვლევების ჩატარების მთავარი მიზანია მსესხებლების გადამხდელუნარიანობის შესწავლა, რაც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ სებ-მა უკვე გამოაქვეყნა ალკოჰოლური სასმელების, სამშენებლო მასალების, ენერგეტიკის, უძრავი ქონების დეველოპმენტის, ტურიზმისა და სასტუმრო სექტორების კვლევები. ერთ-ერთი ბოლო კვლევა კი, სოფლის მეურნეობის სექტორს შეეხებოდა.
სოფლის მეურნეობის სექტორზე ₾3.6 მილიარდის კრედიტია გაცემული - რომელი ბანკები აფინანსებენ?
„საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატია, უზრუნველყოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს დეტალური და სიღრმისეული ხედვა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვნახოთ, კონკრეტული სექტორი რა მდგომარეობაშია სხვა შესადარისი ქვეყნების ანალოგიურ სექტორებთან მიმართებით, მომგებიანობის და შემოსავლიანობის თვალსაზრისით. სწორედ მომგებიანობა განსაზღვრავს იმას, რამდენად სტაბილური და მდგრადია შესაბამისი ეკონომიკური სექტორი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანია, შევისწავლოთ სექტორში წარმოდგენილი მსესხებლების ფინანსური მდგომარეობა და გადამხდელუნარიანობა, რა თქმა უნდა, საზედამხედველო მიდგომებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა გიორგი ნიორაძემ.
სებ-ის წარმომადგენელს ჟურნალისტმა ასევე დამატებით ჰკითხა - რატომ ხარჯავს სებ-ი თავის რესურსს მსგავსი კვლევებისთვის, როცა კომერციული ბანკების პირდაპირ ინტერესში შედით მსესხებლების გადამხდელუნარიანობის შემოწმება, ვიდრე კრედიტებს გასცემენ.
„სებ-ს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, რომ სისტემის დონეზე, კონსოლიდირებულად შეაგროვოს მონაცემები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთა უფლებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს უფლება არ გააჩნიათ და ამას ვერ გააკეთებენ“, - ამბობს გიორგი ნიორაძე.
რაც შეეხება უშუალოდ სოფლის მეურნეობის სექტორზე სებ-ის მიგნებებს, როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში ფინანსურად მდგრადი და სტაბილური სექტორია.
ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები:
სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება სტაბილურად მზარდია, თუმცა მცირდება სექტორის წილი მშპ-ში, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია;
ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად იზრდება როგორც მემცენარეობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიანიშნებს მეურნეობების გამსხვილებას საოჯახო ტიპის მეურნეობებიდან ფერმერული ტიპის მეურნეობებისკენ;
სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;
მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის მიკრო სეგმენტში ოპერირებად ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებზე;
სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორებს შორის მრავალწლიანი ნარგავები გამოირჩევიან შედარებით მაღალი მომგებიანობით;
სოფლის მეურნეობის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს სექტორის მდგრადობას და მიუთითებს ზრდის შესაძლებლობებზე.




























