სოფლის პროდუქტების პლატფორმა “ა-კოკო” ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ის ფერმერებს წარმოების ხაზის გამართვაში უწყობს ხელს. კომპანია მომხმარებელს დეფიციტური სოფლის პროდუქტებით ამარაგებს, როგორიცაა კამეჩის რძის სულგუნი, ლუგელას ბუნებრივი კალცით დამზადებული ხაჭო, ნადუღი და სხვა.”ა-კოკოს” მომწოდებლები ძირითადად სამეგრელოდან ჰყავს, ვინაიდან მათი პროდუქციის 90% მეგრულია. ამასთან, კომპანია ხელს უწყობს კამეჩების პოპულაციის გადარჩენას, რომელიც გადაშენების პირას იმყოფება.
გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა და მენეჯერმა გიგა კუჭუხიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
“ელექტრონული კომერცია საქართველოში მაინც ახალი ხილია, ამიტომ კომპანიას დამატებით ხარჯების გაწევა უწევს ბაზარზე დასამკვიდრებლად, ჩვენი მომხმარებელთა უმეტესობა ჯერ ჩვენს საწყობში სინჯავდა პროდუქციას, ექმნებოდა ნდობა და შემდგომ გადადიოდა ონლაინ ბაზარზე, თუმცა, ინტერესი ნელ-ნელა იზრდება, რაც გაყიდვებზეც აისახება. გაყიდვები წინა წელთან შედარებით 20-ით არის გაზრდილი”, - დასძინა მან.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ა-კოკო” წლის ბოლომდე ქუთაისსა და ბათუმში მაღაზია-საწყობს გახსნის.
“ვაპირებთ მაღაზია-საწყობის გახსნას ქუთაისსა და ბათუმში, ორივე ქალაქში გვაქვს მიტანის სერვისი, თუმცა მომხმარებლებს ურჩევნიათ ადგილზეც შეძლონ მოსვლა და დაგემოვნება, მაღაზია ქალაქებში წლის ბოლომდე გაიხსნება”, - თქვა მან.
კომპანიის საფასო პოლიტიკაზე საუბრისას კუჭუხიძემ დასძინა, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტია დაბალი საფასო პოლიტიკის ქონა.
“საფასო პოლიტიკა ფასწარმოქმნა დამოკიდებულია ზოგადად ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. მართალია პროდუქტი გამორჩეული და დეფიციტურია, მაგრამ კომპანიას მარჟა მაინც დაბალი აქვს - 40%-მდე. ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ არის, თუმცა არის დაბალი ხარისხის იაფფასიანი პროდუქცია. შესაძლოა, მაღალმა მარჟამ მომხმარებელთა ნაწილის ქცევაზე გავლენა მოახდინოს, დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო. ასე, რომ კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაბალი საფასო პოლიტიკა ჰქონდეს”, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: “ა-კოკო” 10 000 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა, კომპანიაში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული, პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ვებგვერდზე https://akoko.ge/, ფეისბუკზე, ზარის საშუალებითა და გლდანის მაღაზია-საწყობში შეუძლია.