"საქართველოს კანდიდატი სტატუსის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიერ წყაროების დივერსიფიკაციას და ევროკავშირის მიზნებთან თანხვედრაში ყოფნას", - ასე უპასუხა ევროკომისიის სპიკერმა ანა-კაისა იტკონენმა ყულევში რუსული ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"ჩვენი მიზანია თანდათან შევწყვიტოთ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი. საქართველოს კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიერ წყაროების დივერსიფიკაციას და ევროკავშირის მიზნებთან თანხვედრაში ყოფნას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ენერგეტიკული პოლიტიკა", - თქვა მან.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსულმა ნავთობკომპანია Русснефть-მა ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას 105,000 ტონა ნავთობი მიაწოდა. ეს ამ ქარხნისთვის რუსული ნავთობის პირველი შესყიდვაა.
ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას. პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.




























