მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი - მეთიუ მილერი

მეთიუ მილერი
22.07.24 23:30
145

„ჩვენ გვინახავს არაერთი არათუ მცდელობა, არამედ რუსეთის პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, მთელ რეგიონში და მთელ მსოფლიოში და ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას", - განაცხადა მეთიუ მილერმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. შესაბამის თარგმანს "ამერიკის ხმა"ავრცელებს.

მეთიუ მილერმა თქვა, რომ ამერიკა ფხიზლად ადევნებს თვალს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ არჩევნებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ის ერთადერთი, ვინც საკუთარ მომავალს განსაზღვრავს.

„როგორც ჩვენგან აქამდეც არაერთხელ მოგისმენიათ, მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის ბედი", - უპასუხა მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეფუძნება "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნებაში “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს თუ ამ თხოვნით თბილისი მოსკოვს მიმართავს. ტელეკომპანიის ცნობით, მან ეს განცხადება მოსკოვში, რუსეთის მეგობართა კლუბის შეხვედრაზე გააკეთა. კლიმოვს ასევე უკავია ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთის საკითხებში.

დაახლოებით ორი კვირის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს, რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა "აბსურდი" უწოდა.

"ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულებით მცდარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი წარადგენს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. და მე უბრალოდ აღვნიშნავ ამ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელსაც ახლა, ჩვენი საუბრისას, უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი და ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ", - თქვა მეთიუ მილერმა 10 ივლისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები