მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მკვეთრი ზრდის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდა

6229ac6fad018
გიორგი თოლორდავა
10.03.22 12:00
1172

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ნავთობის და ენერგოპროდუქტების საერთაშორისო ბაზარი მაღალი ვოლატილობით და არასტაბილურობით გამოირჩევა. ომის დაწყებიდან ორ კვირაში ბარელი Brent-ის ფასი თითქმის 35%-ით, 130-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა, თუმცა ბოლოს 24 საათში ნავთობის ფასები მკვეთრად, დაახლოებით 13%-ით შემცირდა.

8 მარტს Brent-ის ფასი 132 დოლარამდე იყო გაზრდილი, თუმცა დღეს ის 111 დოლარს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული ორი დღის ვარდნის მაჩვენებელი 16%-ს შეადგენს. ანალოგიურ პერიოდში ბარელი WTI Crude-ის ღირებულება 15.5%-ით, $128-დან 108 დოლარამდე შემცირდა.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ბოლო 24 საათში ნავთობის ფასების მკვეთრი კორექციის მიზეზი მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და ნეგატიური სპეკულაციური მოლოდინების გაქარწყლებაა. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს ჯერაც არ იყო გადაწყვეტილი როგორ სანქციებს დაუწესებდნენ აშშ და ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს და რამდენად მწვავე იქნებოდა მოსალოდნელი სანქციებით გამოწვეული ენერგოდეფიციტი.

აშშ-მა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა, თუმცა საგულისხმოა, რომ აშშ-ს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე მინიმალურია და ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობის მხოლოდ 3% შედის რუსეთის ფედერაციიდან. რაც შეეხება EU-ს, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, ევროკომისიამ ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

გეგმა სახელწოდებით - REPowerEU ევროკავშირის მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიცავს. ევროკომისიის ვარაუდით, აღნიშნული გეგმის საშუალებით 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე მოთხოვნა 66%-ით შემცირდება, 2030 წლამდე კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

ნედლი ნავთობის იმპორტის მიმართულებით, ამჟამად EU-ს რუსეთზე დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია, იმპორტირებული ნავთობის საერთო მოცულობის 27% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, 9% - ერაყზე, 8-8% - ნორვეგიასა და აშშ-ზე, 7.9% - ნიგერიაზე, 7.8% - საუდის არაბეთზე, 7.5% კი - ყაზახეთზე.

CNBC-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ერაყი გამოხატავენ მზაობას, რომ გაზარდონ დასავლეთისთვის ნავთობის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ენერგოდეფიციტი და ნავთობის რეკორდული გაძვირება.

„ფასის 130-დოლარიანი ნიშნული ყველაზე უარეს სცენარს ითვალისწინებდა, სადაც ჩვენ პოტენციურად ვუყურებდით რუსული ნავთობის მიწოდების სრულად შეწყვეტას, OPEC-ის უმოქმედობას და უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას, თუმცა ახლა უკვე ვითარება და მოლოდინებიც შეცვლილია“, - ამბობს Again Capital-ის დამფუძნებელი, ჯონ კილდუფი.

ექსპერტთა მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ კორექცია მხოლოდ დროებითია და გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები