მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მმართველობის არსებული მოდელის შენარჩუნება ფინანსური რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს - GCCA

ირაკლი ლექვინაძე

არსებული სტრუქტურის შენარჩუნებით საბიუჯეტო ფინანსები დაიზოგება - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) BMG-ს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე განუცხადეს.

საქმე ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა და შესაბამისად, სააგენტოს მმართველობითი ორგანო 5-წევრიანი საბჭო არ გახდება, როგორც ეს აქამდე იგეგმებოდა. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილავს.

GCCA-ში გარდა ფინანსების დაზოგვისა, ხაზს უსვამენ, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესებულია პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობა და მოხდა არსებული სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

"მმართველობითი სტრუქტურის არსებული მოდელის შენარჩუნება უზრუნველყოფს საბიუჯეტო ფინანსური რესურსების დაზოგვას, როგორც ერთჯერადად ასევე ყოველწლიურ ჭრილში.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, მიღებული საერთაშორისო შეფასებების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, პროცესებისა და გამოცდილების საფუძველზე კონკურენციის უწყების მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობა ბოლო წლებში გაუმჯობესებულია. ეს ასახულია მიღებულ შედეგებში და აქტივობებში. ბოლო წლებში, მოხდა ასევე არსებული სტრუქტურის ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება, მისი თანხვედრა არსებულ გამოწვევებთან.

გაანალიზებულია და გათვალისწინებულია საუკეთესო ევროპული გამოცდილება - ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, შვედეთი და სხვა. ეს ის ქვეყნებია, სადაც მსგავსი მოდელის პირობებში კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულება ეფექტურად ხორციელდება.

შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სახსრების/რესურსების ოპტიმიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების საკითხი",- უთხრეს სააგენტოში BMG-ს ცვლილებების შეფასებისას.

შეგახსენებთ, 2020 წელს "კონკურენციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით შეიცვალა ინსტიტუციური მოწყობის ფორმაც. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო პრემიერის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭო. ამ ცვლილების ამოქმედება, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო რედაქციით მისი ძალაში შესვლა გათვალისწინებული იყო 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, ამ დროიდან უნდა გაუქმებულიყო სააგენტოს თავმჯდომარის პოზიცია. თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და „კონკურენციის შესახებ“ კანონიდან ამოიღებს იმ მუხლებს და პუნქტებს, რომელიც 5-წევრიანი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურია/ეფექტიანია, ხოლო, მეორეს მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება",- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები შემდეგი დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები