მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 9-15 სექტემბერი

დოლარი

გთავაზობთ გასული კვირის 9-15 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლება ძირითადად პირველი კვარტალის სუსტ შედეგებს უკავშირდება, რადგანაც წელს წლის პირველ კვარტალში მხოლოდდ 194 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ის 645 მილიონი დოლარი იყო, მეორე კვარტალში კი ინვესტიციები შედარებით 10%-ით გაიზარდა და ის 574 მილიონი დოლარი იყო. თუმცა პირველი კვარტლის კლების გათვალისწინებით, FDI წლიურად 34%-ით შემცირდა.

რაც შეეხება უშუალოდ მეორე კვარტალს, ინვესტიციების მხრივ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ია, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6%).

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა, რაც ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომით და მომეტებული გლობალური რისკებით ახსნა, რომლებსაც ინფლაციაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ. თუმცა ამასთან ერთად სებ-ი ხაზს უსვამს, ფაქტს რომ წელს ინფლაცია სამიზნე 3%-იანი ნიშნულის ქვემოთ შენარჩუნდება.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 175 ათას მსესხებელს კრედიტის საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შეუნარჩუნდება.

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5.5 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტომ აგვისტოს თვის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ფონდის მთლიანი აქტივების მოცულობამ 5.5 მილიარდ ლარს მიაღწია, შესაბამისად, აგვისტოს განმავლობაში ფონდის აქტივები 174 მილიონი ლარით გაიზარდა. ფონდის მთლიანი ოდენობიდან 1.23 მილიარდი ლარი აქტივებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს წარმოადგენს. 5.5 მილიარდი ლარი წარმოადგენს საქართველოს 1,548,000 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, რაც სისტემის ერთი მონაწილისთვის საშუალოდ 3,552 ლარის დანაზოგს ნიშნავს.

საპენსიო სააგენტოს აქტივების 18%, ანუ 990 მილიონი ლარი ინვესტირებულია მსოფლიოს წამყვან საფონდო ინდექსებში, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 405 მილიონი ლარი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსში S&P 500-ში არის დაბანდებული. 180 მილიონი არის განთავსებული აზიურ FTSE Pacific ETF-ში, 175 მილიონი ლარი არის დაბანდებული FTSE Europe ETF-ში, ხოლო 112 მილიონი ლარი არის ინვესტირებული განვითარებადი ბაზრების ინდექს FTSE EM Markets ETF-ში.

რთველის სუბსიდირების პროგრამ გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, რთველის სუბსიდირების პროგრამა გაფართოვდება და სახელმწიფო კომპანია ბაზარზე არსებულ ჭარბ საფერავის ჯიშის ყურძენს შეისყიდის. შესასყიდი ფასი კილოგრამზე 1.5 ლარი იქნება. აქამდე სახელმწიფო კომპანია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენს ყიდულობდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის სუბსიდია იყო გათვალისწინებული, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის საფერავის ყურძნის სუბსიდირება არის დაგეგმილი.

გასული კვირის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის ღვინის ქარხნებში ჩაბარებულია 78 ათასი ტონა ყურძენი, 35 ათას ტონამდე რქაწითელია, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 30%-ით გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

საქსტატმა 2024 წლის აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $641 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $148 მილიონი დოლარით, ანუ 30%-ით მეტია. ექსპორტის ზრდის პარალელურად, 5%-ით ($67 მილიონით) შემცირდა იმპორტი, რამაც აგვისტოში 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 4.2 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 2.4%), ხოლო იმპორტმა 10.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა აგვისტოში ექსპორტის მატება.

ლევან დავითაშვილის ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. ჩინური მხარიდან აღნიშნულ მემორანდუმს ხელს ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ვიცე-თავმჯდომარე ჭაო ჩენსინი აწერს.

"მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა კომპანიების Huawei-ს, ენერგეტიკული კორპორაცია China Huadian Corporation-ის ა და სხვა კომპანიის აღმასრულებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები