"მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ცვლილებებს მისცენ ხმა" - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მან არჩევანი უკვე დააფიქსირა, თუმცა კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ამით კანონს დაარღვევდა.
„ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ცვლილებებს ამ ქვეყანაში; ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვაზე, სწრაფ რეფორმებზე, როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უდგას.
ჩვენი ქვეყანა კი დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევა გვაქვს და ეს არის პოლიტიკური ვექტორი, რომლის შეცვლასაც „ქართული ოცნება“ წლებია ცდილობს. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურები, რომ ადამიანებმა ცვლილებას მისცენ ხმა. თავისუფლება, რომელიც 30 წლის წინ ავირჩიეთ, უნდა დავიცვათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




























