"დიო"-ს მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ბიზნესს განვითარებისთვის განჭვრეტადი და სტაბილური გარემო სჭირდება.
როგორც მან BMG-სთან გასული წლის შეფასებისას განაცხადა, 2024 წლის ბოლოს არსებულმა ვითარებამ გავლენა მოახდინა მომხმარებლებზე და აქტივობამ იკლო.
"მოსალოდნელიც იყო, რომ 2025 წელს იქნებოდა მომხმარებლის შედარებით შემცირებული აქტივობა. გადმოვიდა მაინც ის მღელვარება, რომელიც 2024-ის ბოლოს იყო, ეს მთელს წელს გასდევდა ფონად. ბუნებრივია, ეს ბიზნესისთვის არ არის ხელსაყრელი. შესაბამისად, მოსახლეობაც იყო დაბნეული და ძირითადად ორიენტირებული იყო უფრო პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე და ნაკლებად უფრო ისეთ პროდუქტებზე, როგორსაც ვთქვათ ჩვენი კომპანია სთავაზობს - ეს არის სახლისთვის საჭირო ნივთები, რემონტისთვის საჭირო პროდუქცია. ასე რომ, ჩვენ, შესაბამისად, დავსახეთ გეგმა მინიმუმი, რომ გავსულიყავით 2024 წლის მონაცემზე და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გეგმა 97%-ით შესრულებულია, რაც ძალიან გვახარებს იმ პირობებში, რა პირობებშიც მოგვიწია 2025-ში ცხოვრება",- ამბობს ბიზნესმენი.
მისი მოლოდინია, რომ 2026 წელი შედარებით სტაბილური უნდა იყოს ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. თამაზ დაუშვილი კომპანიის გეგმებზეც საუბრობს, რაც მათ შორის ახალი პროდუქტების დანერგვას მოიაზრებს.
"იმედი მაქვს, რომ სხვა ის საკითხები, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს, მოგვარდება მშვიდობიან პირობებში, რაც ბუნებრივია, კარგი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ მოსახლეობა იდეაში გადაღლილია ამდენი პრობლემებით და ადამიანებს უნდათ ნორმალური, მშვიდ გარემოში ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ შემდეგი წელი იქნება უკეთესი ჩვენი და ბევრი კომპანიისთვის, ვიდრე 2025.
ჩვენ გვექნება 30 წლის იუბილე და გვინდა, რომ ჩვენს მეგობრებთან, კომპანიის ლოიალურ მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნოთ. გვექნება რამდენიმე სიახლე, ახალი პროდუქტების დანერგვით, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროცესშია. შარშან განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო ინვესტიცია გადაიარაღების კუთხით და გავზარდეთ წარმოების საშუალებები. უფრო პოზიტიურად ვგეგმავთ შემდეგ წელს და ვფიქრობთ, კარგი ზრდა უნდა გვქონდეს",- აცხადებს თამაზ დაუშვილი.
ის ბიზნესის გამოწვევებზე საუბრისას ხაზს უსვამს ქვეყნის ევროინტეგრაციის გაგრძელების აუცილებლობას.
"ბიზნესი ძალიან მოწყვლადია, ეს ხომ არ არის რაღაც ავტომატი და მხოლოდ ჩარხი. ბიზნესი არის ადამიანები, ძირითადად, სადაც სამი მხარე მონაწილეობს: ეს არის ბიზნესის მფლობელი, დასაქმებული და მომხმარებელი. შესაბამისად, თუ ადამიანებს არ აქვთ განწყობა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ბუნებრივია, ეს მოქმედებს საბოლოო ჯამში ბიზნესზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს სწორი გზით, მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ევროინტეგრაციაზე. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ბუნებრივია, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ხელს უშლის, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებას და აუცილებელია, რომ ასეთი დაპირისპირება საქართველოში დასრულდეს და ნორმალურ პირობებში გადავიდეს პოლიტიკური ცხოვრება. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ძალიან კარგ ზეგავლენას მოახდენს როგორც ბიზნესზე, ისე თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე",- განაცხადა თამაზს დაუშვილმა.




























