ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან გამომდინარე, ბანკებზე გასცა მითითება გაითვალისწინონ აშშ-ის ხაზინის მოთხოვნები და შეუზღუდონ სანქცირებულ პირს ტრანზაქციების განხორციელება. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულის შესახებ 18 სექტემბერს BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით გამოგზავნილ პასუხში განმარტა. თუმცა, ამ პასუხში არ იყო მითითებული თუ რა თარიღიდან მოხდა ამ სანქციის აღსრულების შესახებ ბანკების ინფორმირება ან თავად ბანკებმა რა თარიღში შეაჩერეს ფარცხალაძის ტრანზაქციები.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართა კითხვებით როგორ მოხდა ფარცხალაძესთან მიმართებით სანქციების აღსრულება.
"1. საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან როდის (რიცხვის და დროის მითითებით) გაიცა მითითება კომერციულ ბანკებზე, რათა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს შეზღუდოდა საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება?
2. მოასწრო თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციის დაწესების დღიდან, 14 სექტემბრიდან, ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშების დაბლოკვამდე, აღნიშნულმა პირმა თანხების გამოტანა ნაღდი ფულის სახით ან საზღვარგარეთ გადარიცხვა?
3. არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანგარიშების დაბლოკვის შემდეგ ერთ-ერთი ქართული კომერციული ბანკიდან აღნიშნულმა პირმა ფული გადარიცხა “ბანკი ქართუში”. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ხდება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლა?,”- ნათქვამია სადეპუტატო კითხვაში.
ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა, ამავე სანქციების სიაში მოხვდა FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია, რომლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.
ეროვნული ბანკის განმარტება ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით:
“როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.
ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილობით განმარტებაში.