მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდერნიზებულ რკინიგზას 48 მლნ ტონის გადაზიდვა შეეძლება - ფერაძე

6294794d66c74
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.22 12:15
1241
მოდერნიზაციის პრროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზას წელიწადში 48 მილიონი ტონა ტვირთების გატარება შეეძლება. გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში რკინიგზის დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა, რომ კომპანიას ამჟამად წლიურად 27 მილიონი ტონის გატარება შეუძლია, საიდანაც მისი წლიური დატვირთვა 12-13 მილიონ ტონას შეადგენს. 

თავად რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო და ის რიკოთის მონაკვეთზე ახალი გვირაბის და 38-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება $250 მილიონია. მისი დასრულების ვადები რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროცესი 1-1.5 წელიწადში დასრულდება.

იმისთვის, რომ საქართველო გაზრდილ სატრანზიტო ნაკადებს მოემსახუროს, დავით ფერაძის თქმით, მნიშვნელოვანია, განახლდეს ლოკომოტივების და ვაგონების პარკი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ლიანდაგებს. 

"დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზას აქვს უნარი გაატაროს, დაახლოებით, 27 მილიონი ტონა ტვირთი. რა თქმა უნდა, რაღაც შეფერხებები ყოველთვის იქნება, როდესაც საუბარია ახალ ტვირთებზე. ამაზე უკვე ორი თვეა ვმუშაობთ და გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და ადმინისტრაციებთან. ამ ეტაპზე შეფერხებას ვერ ვხედავთ. დღეს გვინდა დერეფანში დავიტოვოთ გარანტირებული ტვირთი, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგაც დარჩება ჩვენ დერეფანში.

4 წელია საქართველოს რკინიგზას ზრდის ტრენდი არ შეუწყვეტია, 2021 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 10%-იანი მატება იყო გადაზიდვების. ამ ეტაპზე 12-13 მილიონ ტონას ვატარებთ და სიმძლავრის ნახევარი უკვე ათვისებულია.

მოდენიზაციის პროცესის დასრულებისთანავე, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 48 მილიონ ტონამდე. დერეფანში ყველა ბიზნესუბიექტმა უნდა ჩადოს ინვესტიციები, თავის პორტებში, ტერინალებში. ჩვენთანაც არის გამოწვევა, ლოკომოტივების დამატება დაგვჭირდება, ასევე დაგვჭირდება პარკის განახლება და ლიანდაგების კიდევ უფრო გაუმჯობესება," - განაცხადა დავით ფერაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები