მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოდი, 1-ელ ნოემბერს დავიწყოთ" - საარჩევნო პერიოდის და "რუსულ კანონის" გავლენა დასაქმების ბაზარზე

მედეა ტაბატაძე

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორის მედეა ტაბატაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი და „რუსული კანონის“ ამოქმედება დასაქმების ბაზარს დაეტყო.

"დასაქმების ბაზარზე პოლიტიკური ფაქტორის გავლენას ვადასტურებ“, - ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

Insource-ის მმართველი პარტნიორის დაკვირვებით, ძირითადად, ბიზნესი აუცილებელ ხაჯებს სწევს და მხოლოდ იმ კადრებს ქირაობს, რომელიც ორგანიზაციის საოპერაციო მუშაობისთვის საჭიროა.

„ჯერ არჩევნები დამთავრდეს“ - ასეთი დამოკიდებულება და განწყობა ნამდვილად არსებობს დასაქმების ბაზარზე, მაგრამ დავაზუსტებ რა მიმართულებით - ბიზნესის განვითარებისა და ზრდისთვის საჭირო კადრების დაქირავება შენელდა. მაგალითად, როდესაც კომპანიას დასავლური MBA-ით სჭირდება თანამშრომელი და ქირაობს, ეს მიუთითებს მის გეგმებზე განვითარების მიმართულებით. ახლა ისეთი პერიოდია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ასეთი როლებისთვის ორგანიზაცია სუპერ-სტარ ხალხს არ დაიქირავებს;თუმცა არსებობს სამუშაოები, რომელიც ნებისმიერ მოცემულობაში სჭირდება ბიზნესს, მოსახლეობას და ქვეყანას. ეს შეიძლება იყოს კონსულტანტი და სხვადასხვა ტიპის ფიზიკური სამუშაოების შემსრულებელი, თუნდაც სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც არ ჩერდება... მოკლედ, სერვისის გასაწევად საჭირო პერსონალზე მოთხოვნა და თან დეფიციტი ისევ არის“, - განმარტა მედეა ტაბატაძემ.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც Insource-ის მმართველმა პარტნიორმა საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობის აღწერისას გამოყო, კადრების დაქირავებისას გადაწყვეტილების მიღების პროცესის გახანგრძლივებაა.

„იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ასევე, გარდამავალი პერიოდია და არ ვიცით, „რუსული კანონი“ დარჩება თუ გაუქმდება, ყველა ცდილობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაახანგრძლივოს. ძალიან ნელა ხდება კვალიფიციურ სამუშაოებზე კადრების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება ანუ მე შეიძლება ვეძებდე კადრს და მქონდეს ღია ვაკანსია აღმასრულებელ ან ფინანსების ან, იურიდიულ პოზიციაზე, მაგრამ ამ პროცესზე 1-2 თვეს დავხარჯავ...

კიდევ ერთი ცუდი ტენდენცია არის ის, რომ ხშირად დაქირავების პერიოდის გადაწევა ხდება - მაგალითად, დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი თანხმდებიან თანამშრომლობაზე, მაგრამ იქვე დათქმაა - „მოდი, 1-ელ ნოემბერს დავიწყოთ“, - აღნიშნა მედეა ტაბატაძემ.

Insource-ის მმართველმა პარტნიორმა „წერტილთან“ ინტერვიუში ასევე ისაუბრა სამუშაოსა თუ მუშაობის ახალ ტრენდებზე როგორც ადგილობრივ, ისე დასაქმების გლობალურ ბაზარზე და როგორ უნდა გაზარდონ ლიდერებმა დასაქმებულების მოტივაცია და პროდუქტიულობა კომპანიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები