მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდით, შინაარსში შევიდეთ - ქეთი ქვარცხავას განმარტება "რუსულ კანონზე"

იურისტი

BLC LAW-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ BMGTV-ის გადაცემაში ‘ანალიტიკა’ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შედეგებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ ხელისუფლებას იმით მანიპულირება არ გამოუვა, რომ ხალხს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს. „არა თუ წაკითხული გვაქვს შედარებულიც გვაქვს წინა ვერსიასთან, „ფარა"-სთანაც, ევროსტანდარტებთანაც და მათ შორის უნგრეთის ძველ კანონთან", - განაცხადა მან.

ქეთი ქვარცხავას თქმით, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს მიღებული ეს კანონი, რადგან ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია.

"მოდით, შინაარსში შევიდეთ: ამბობენ, რომ თურმე ევროპის რომელიღაც ქვეყანას აქვს მიღებული, - ვერცერთ ქვეყანას დაასახელებენ, სადაც ეს კანონი მოქმედებს. მცდელობა იყო უნგრეთში, მაგრამ 2020 წლის 18 ივნისის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ეს კანონი გამოცხადდა ევროკავშირის რეგულაციების საწინააღმდეგოდ. ანუ უნგრეთის "გამჭვირვალობის კანონი" ევროსასამართლომ მიიჩნია ევროსტანდარტებისთვის შეუსაბამოდ და ასევე ადამიანის უფლებათა ძირითადი თავისუფლებათა ქარტიის მე-7, მე-8 და მე-12 მუხლებისთვის შეუსაბამოდ.

ახლა მოდით მიდგომებზე ვილაპარაკოთ: ამბობენ, რომ რა უფლება აქვს ევროკავშირს ან ვინმეს ჩაერიოს ჩვენ სუვერენულ უფლებაში. არც ერევიან. გამოაცხადეს, რომ თქვენ გაქვს სუვერენული უფლება, ნებისმიერი კანონი იქონიოთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება არ მიგიღოთ ამის გამო, რადგან ეს კანონი ჩვენთან შეუსაბამობაშია. მაგალითისთვის, სოფლის კლუბში ჩაცმის გარკვეული წესი რომ იყოს მიღებული და გითხრან, - "ჩემთან საცურაო კოსტიუმით ვერ შემოხვალთ" და თქვენ კართან დადგეთ და თქვათ, - "არა მე ღირსებით, მინდა საცურაო კოსტიუმით სოფლის კლუბში შესვლა". ასევე ღირსებით დაგტოვებენ გარეთ, უღირსად.

რაც შეეხება ამ კანონს გამჭვირვალობას, კიდევ ერთი კანონქვემდებარე ნორმა წამოვიღე, ეს არის "ბუღალტრული აღრიცხვების ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება", #9, რომელიც 2018 წელს არის დამტკიცებული - ეს გაცილებით უფრო დეტალური დოკუმენტია რომელშიც დეტალურად არის მოცემული, როგორი ანგარიშგება და გამჭვირვალობის ქვეშ არიან ამ წუთას არაკომერციული იურიდიული პირები. დღეისთვის ეს დოკუმენტი საკმარისად ითვალისწინებს გამჭვირვალობის სტანდარტებს.

რაც შეხება მოსაზრებებს,რომ თურმე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული იურიდიული პირები - ამას არანაირი კანონი არ ეყოფა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსში კი გვაქვს 37 თავი - მთელი თავი "სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ". ამ თავში გვაქვს ძალიან კარგი 319-ე მუხლი, რომელშიც არის ზუსტად ასეთი ქმედება - უცხო ქვეყნისთვის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარება, ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფა, ისჯება 7-დან 15 წლამდე. მაშინ რაზე ვლაპარაკობთ? რა გამჭვირვალობაზე ვლაპარაკობთ, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის ვინმე.

ასევე, საინტერესოა, ეს კანონი რომელ ორგანიზაციასაც ეხება, ესენია: ყველა არაკომერციულ იურიდიულ პირს, სადაც არ არის სახელმწიფო მონაწილეობა, მაგალითად, სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს არ შეეხებათ. ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ თურმე როდესაც ვიღაცისგან დაფინანსებას იღებ, მასზე ხდები დამოკიდებული - ეს არის ამ კანონის მიღების ძირითადი მიზეზი, თუ ეს ასეა და არაკომერციული იურიდიული პირები ხდებიან დამოკიდებული რომელშიც სახელმწიფო არ მონაწილეობს, მაშინ სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი სსიპ-ები, რომლებიც გაცილებით მეტს იღებენ, რატომ არ ხდებიან დამოკიდებული. გამოდის, ისინიც ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს. გამჭვირვალობა ერთს თუ ეხება მეორეს რატომ - არა? რატომ არ უნდათ მათაც აიკრან ეს იარლიყი.გამოდის, დადებითი გავლენა სახელმწიფოს მონაწილეობისთვის გაწეული დახმარებაა და უარყოფითი გავლენაა ბავშვთა სახლისთვის გაწეული დახმარება? - საინტერესოა ახსნან ეს" - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.