მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგების გადასახადის 10%-მდე შემცირება, საშემოსავლოსი - 15%-მდე - ჯაფარიძე კოალიციის ხედვებზე

ზურა ჯაფარიძე

კოალიციას „ცვლილებისთვის“ სტანდარტული წინასაარჩევნო პროგრამა გამოქვეყნებული არ აქვს და არც აპირებს, მაგრამ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალ პარტიებს („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“) შორის შეჯერებულ ეკონომიკურ ხედვებზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ისაუბრა.

მოგების გადასახადის 15%-დან 10%-მდე შემცირება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15-მდე კლება კოალიციის ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი პუნქტია. კოალიციაში იმპორტის გადასახადის შემცირებაზეც თანხმდებიან.

ზურაბ ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ საგადასახადო ტვირთის შემცირების ინიციატივას მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში მხარდამჭერები ეყოლება.

„მოქალაქეებისთვის გასაგები რომ იყოს და ტყუილი არ იყოს, სინამდვილეში ეს არის ჩვენი კოალიციის შეჯერებული ხედვები, რომლის გატანასაც ვეცდებით, თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფები თანახმა იქნებიან ან შეიძლება მოგვიწიოს მათთან კონსენსუსის მიღწევა. სინამდვილეში, საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5-5 პროცენტული პუნქტით შემცირება, მინიმალური ნაბიჯია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება 2012 წელსაც იყო დაგეგმილი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა და სხვა გადაწყვეტილება მიიღო“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე - კოალიციაში როგორ წარმოუდგენიათ საშემოსავლო და მოგების გადასახადების შემცირების შედეგად საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისის კომპენსირება, პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ ეს დამატებითი ვალების აღების ხარჯზე არ მოხდება.

"ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბიუროკრატიის შემცირება. ჩვენ შევკვეცავთ მთავრობის ხარჯებს და ეს მილიონი მიმართულებით შეიძლება, შემიძლია, ბიუჯეტის კონკრეტული მუხლებიც ჩამოვთვალო... ამხელა ბიუროკრატია საქართველოს არაფერში სჭირდება... გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გავუშვებთ სახლში. ახლა რა რეალობა გვაქვს? - პატარა ეკონომიკა გვაქვს, სადაც მცირე რაოდენობის ადამიანები ქმნიან დოვლათს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგ მიაქვს სახელმწიფოს და მერე ამას უბრალოდ ვფლანგავთ. ფლანგვაში არ ვგულისხმობ აუცილებელი საჯარო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ხარჯების გაწევას, მაგრამ არის უამრავი რაღაც, რომელიც საჭირო არაა და უნდა შევკვეცოთ. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი - ₾100 მილიონს რაში ვხარჯავთ?! მაყურებელი არ ჰყავს, შინაარსი არ აქვს, ილუზიები არსებობს, რომ საზმაუ გადაიქცევა BBC-დ, მაგრამ ყოველ ჯერზე არიან ხელისუფლების „რუპორები“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჟურნალისტის დამატებით კითხვას - „საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გაშვების და ბიუროკრატიის შემცირებისთვის გამბედაობა რამდენად ეყოფა კოალიციას“, ზურაბ ჯაფარიძემ ასე უპასუხა:

„გააჩნია, რისი გაკეთება გინდა - თუ ხელისუფლებაში იმიტომ მოდიხარ, რომ მერე დიდხანს დარჩე, ცხადია, პოპულიზმისკენ მიდიხარ. ჩემი მიზანი ეს არ არის“.

მისივე თქმით, კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ ასევე, შეთანხმებულები არიან, სახელმწიფო აქტივების ეფექტიანად გამოყენებისთვის, საჭიროა, მათი კერძო სექტორისთვის გადაცემა.

„ეს ეხება მიწებს, წიაღისეულს, ტყეებს, უძრავ ქონებას და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ისევ საბჭოთა საქართველო გვაქვს, რადგან ჯერ კიდევ, ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია. ამ საკითხის განხილვის დეტალებში არ შევსულვართ ანუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, რა ტიპის ვალდებულებები უნდა აიღონ მყიდველებმა და ა.შ. მაგრამ პრინციპის დონეზე ვთანხმდებით, კერძო მესაკუთრე სახელმწიფოზე მეტად ეფექტიანად განკარგავს აქტივებს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები