„ქართული რძის ფედერაცია“, რომელიც ნედლი რძის გადამმუშავებელ 30-მდე საწარმოს აერთიანებს, რძის პროდუქტებზე ეტიკეტირების წესების გამკაცრებას ითხოვს.
კანონის თანახმად, ნებისმიერ რძის პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია, თუმცა როგორც რძის ფედერაციაში ამბობენ, კანონი ხშირ შემთხვევაში ირღვევა და სახელმწიფოც არ აკონტროლებს ამ საკითხს.
ფედერაციის წევრი, რძის გადამმუშავებელი საწარმო „ლეანკას“ დამფუძნებელი ქეთევან ჩალახეშაშვილი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიებს არაკონკურენტულ გარემოში უწევთ მუშაობა, რადგან რძის ნაწარმი, რომლებიც ბაზრებში იყიდება შეფუთული და ეტიკეტირებული არ არის, შესაბამისად, ფასი საკმაოდ დაბალია.
„რძის მდგომარეობა სეზონურობაზეა დამოკიდებული, რძე ძალიან რთული საშოვნია, გარდა ამისა, დასაქმებული გვყავს ადამიანები. ხარჯი ძალიან მაღალი გვაქვს და ამ დროს, ბაზრებში ობიექტები მოცული არის არარეგისტრირებული და უეტიკეტო ყველით. ჩვენი ყველის თვითღირებულება იმაზე მაღალია, ვიდრე მათი ყველი იყიდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, თუ რა პროდუქტს შეიძენენ. ჩვენი მოთხოვნა მომხმარებლის ინტერესსაც უკავშირდება, რომ ადამიანებმა იცოდნენ, თუ რას მიირთმევენ, რა წარმომავლობისაა, სად კეთდება და ა.შ. ჩვენ უკვე რეალიზაციაში იმდენად გვეშლება ხელი, რომ ვუყურებთ მათი ყველი როდის გაიყიდება, რომ ჩვენც გავყიდოთ პროდუქტი“, - ამბობს ქეთევან ჩალახეშაშვილი.
როგორც ის ამბობს, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გლეხებს ამოფარებული დიდი წარმოებები, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან და კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.
„არსებობს კანონი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, თუმცა არ მუშაობს. ძალიან მარტივად შეიძლება ამის გაკონტროლება. თუნდაც არარეგისტრირებული საწარმოები რომ არ ვეძებოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან მარტივად, ნებისმიერ დახლთან, ნებისმიერ ბაზარში შეუძლია სურსათის უვნებლობის და სხვა ოფიციალურ სამსახურებს, შეამოწმონ პროდუქცია. ახლა კონტროლი არ ხორციელდება“, - ამბობს ჩალახეშაშვილი.
მისი თქმით, რეგისტრირებული საწარმოები არაკონკურენტულ გარემოში არიან, რადგან სურსათის უვნებლობის სამსახური საწარმოში არსებულ ტემპერატურასაც კი ამოწმებს, ხოლო ქუჩაში გაყიდული ყველი - არ მოწმდება.
„მივმართავთ ყველა ორგანოს, ვისაც ეს ეხება, სურსათის უვნებლობის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ყველა ორგანოს, ვისაც ეს ეხება - სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ. ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი”, - ამბობს ის.
BM.GE საკითხზე დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ოფიციალურ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.