მოჯადოებულ წრეზე სიარული აღარ გვჭირდება, შეგვიძლია გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, - ამის შესახებ შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია “ჯორჯიან ფექიჯინგის” გენერალურმა მენეჯერმა, ვერონიკა გოგოხიამ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ.
“მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ირგვლივ გვჭირდება მეტი დისკუსია. ამ თემების განხილვისას ჩვენგან ყველა უნდა იყოს ჩართული იმისთვის, რომ შევარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი. განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გზა უკვე გაიარეს. ამ ქვეყნების საუკეთესო კომპანიები არიან ჩვენი პარტნიორები და გვაქვს ფუფუნება, მათი გამოცდილება გავიზიაროთ. შეგვიძლია, თუნდაც ნარჩენების მართვის კუთხით, ან მეწარმის გაფართოებული ვალდებულების კუტხით შევთავაზოთ ის საუკეთესო ვარიანტები, რომელიც მუშაობს და ახლის გამოგონება საჭირო არ არის. საჭირო აღარ არის მოჯადოებულ წრეზე ვიაროთ.
წლებია, უკვე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე დისკუსია მიდის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია განისაზღვროს, თუ ვის აწვება ტვირთად ეს პროცესი, შესაფუთი მასალების,მ ნარჩენის მოგროვებაზე, თუ საკომისიოს გადახდის. ჩვენს შემთხვევაში, ჯორჯიან ფექიჯინგი, აქამდეც ცდილობდა და ასეც გავაგრძელებთ. რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ. თუმცა ეს რთულია. თუ პანდემიამდე იყო ჩინეთი, უკვე პანდემიის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და მომხმარებელმა ირწმუნა, რომ საქართველოში არსებობენ კომპანიები, მათ შორის “ჯორჯიან ფექიჯინგი”, რომელიც იყო 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში და მოწოდების ჯაჭვში ერთდღიანი წყვეტა არ გვქონია. პანდემიის დროს, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტი რომ შეჩერდა, ყველა მიხვდა, რომ ჩვენ შეგვეძლო მომარაგება მათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდათ რესტორნების გაჩერება. ეს არის ძალიან დიდი მაგალითი ქართველი დამკვეთებისთვის იმის მაჩვენებლად, თუ რა შეუძლია ქართულ კომპანიებს. ანუ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებამდე მწარმოებლების ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული”, - განაცხადა გოგოხიამ.
მისი თქმით, ბიზნესი და ინდუსტრია სასაუბროდ მზად არის, რათა სწორ სქემებზე ისაუბროს და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა.
ცნობისთვის, ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე არსებული 6 რეგლამენტიდან 4 მიღებულია, თუმცა დამტკიცების მოლოდინშია 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მეორეული ავტომობილების და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება უნდა მოხდეს. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. მთავარი, რაზეც ბიზნესი და მუნიციპალიტეტები ვერ თანხმდებიან, ისაა, თუ ვინ შეაგროვებს ნარჩენებს და შესაბამისად, ვინ მიიღებს რეციკლირების საფასურს.