ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის შთამბეჭდავი რაოდენობა, - ამის შესახებ ერევანში მყოფმა "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე აქტიურად მუშაობს რეგიონში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.
„ტურიზმს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის.
სასიხარულოა, რომ ჩვენი ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში. ჩვენ უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ ერთობლივ პაკეტებს და ტურებს, ამ მიმართულებითაც თანამშრომლობის გაღრმავება არის მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდას და მეტ ერთობლივ ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. გასულ წელს, სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40%-ით მოიმატა, რის გამოც ვართ მოხარულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომეხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.
ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში,“ - აღნიშნა "ოცნების" პრემიერმა.




























