მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოკლევადიანი სარგებლისთვის, სტრატეგიული თანამშრომლობა არ უნდა დააზიანო - ექსპერტი ფრენების აღდგენაზე

63ca7710a4897
მარიამ ვარადაშვილი
20.01.23 17:02
881
გასული წლის ბოლოდან რუსეთში აქტიურად დაიწყეს საქართველოსთან ცალმხრივად შეწყვეტილი ფრენების განახლებაზე საუბარი. მიმდინარე კვირაში ავიამიმოსვლის განახლების იმედი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა. სერგეი ლავროვის ამ განცხადებას მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის თბილისის მერი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამდენად რეალური და მით უფრო მისასალმებელია რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება, ეს კითხვა BMG-მ ავიაციის ექსპერტს ირაკლი ნასიძეს დაუსვა.

“ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგები ექნება და ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ეს მხოლოდ კომერციული ან ტექნიკური გადაწყვეტილება არ არის და არც რუსეთია რიგითი ქვეყანა. შესაბამისად, მხოლოდ კომერციაზე და ტექნიკურ ასპექტებზე ვერ ისაუბრებ. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მოკლევადიან სარგებელს მოჰყვება ისეთი შედეგი, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას. თუნდაც Eurocontrol-თან გვაქვს ხელშეკრულება და ესეც უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, რათა არ დააზიანო ბევრად უფრო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, ვიდრე მოკლევადიანი სარგებლის ნახვაა. სანამ ავიაკომპანია გადაწყვეტს იფრინოს თუ არა რუსეთში, მანამდე ამ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს”,-ამბობს ნასიძე.

ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გამო, რუსულთან ერთად ევროპული სალიზინგო კომპანიებიც დაზარალდნენ, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავების დაბრუნება ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ, Boing-მა და Airbus-მა რუსულ კომპანიებს ტექნიკური დახმარება შეუჩერეს. კერძოდ, ისინი რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავის კომპონენტებს აღარ აწვდიან. სწორედ ამ მიზეზით სხვადასხვა რუსულ კომპანიას სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავების დაშლა უწევს.

“ფრენების განახლებაზე თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სავარაუდოდ, რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იფრენენ. ისინი ფრენებს ასრულებენ იმ ქვეყნებში, სადაც სანქცირებულები არ არიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფრენებს ეს კომპანიები თანამედროვე ტიპის თვითმფრინავებით ვერ შეასრულებენ და რუსული წარმოების, შესაძლოა, საბჭოთა წარმოშობის თვითმფრინავებითაც იფრინონ. თუ გამოიყენებენ Boing-ის ან Airbus-ის წარმოების ხომალდებს, მაშინ მათ დაკარგავენ”,-აცხადებს ნასიძე.

BMG-ის კითხვაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა რუსული ავიაკომპანიები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] წევრია, ნასიძე პასუხობს, რომ ეს ტექნიკური საკითხია და პასუხი საავიაციო ხელისუფლებამ უნდა გასცეს. 

EUROCONTROL საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის კუთხით. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. ქვეყანა ორგანიზაციას 2014 წელს შეუერთდა.

“ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ეს უფრო ტექნიკური საკითხია. არსებობენ ქვეყნები, სადაც რუსული ავიაკომპანიები დაფრინავენ, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ისინი ღია ცის ხელშეკრულების წევრები არ არიან. ზოგადად, ნებისმიერმა ავიაკომპანიამ, რომელიც აქ დაფრინავს, უნდა დააკმაყოფილოს ადგილობრივი საავიაციო უწყების მოთხოვნები, რაც საქართველოს შემთხვევაში მაღალია. ამის მიზეზია ის, რომ ავიაციის ნაწილში ჩვენ ევროპასთან ვართ დაახლოებული. მაგალითად, Aeroflot - ამ ძველი თვითმფრინავით დუბაიში დაფრინავს, რადგან დაფრინავს ანუ აკმაყოფილებს ამ ტექნიკურ მოთხოვნას. სხვაგვარად უფლებას ვერ მიიღებდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტში იფრინოს”,-აცხადებს ნასიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები