მოლაპარაკებები გვაქვს კომპანია Ferrero-სთან, - ამის შესახებ bm.ge-ის თხილის გადამმუშავებელი საწარმო „აი ჯი აგროს“ გენერალურმა დირექტორმა, ივა კავსაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია რამდენიმე დღეში პარიზში, გამოფენაზეც იქნება წარმოდგენილი.
„წელს ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. სეზონის დაწყებიდან დღემდე უკვე 1500 ტონა თხილი გადავამუშავეთ. თუმცა, წლის ბოლომდე მაჩვენებლების მინიმუმ გაორმაგებას ვგეგმავთ. წელიწადში მინიმუმ 5000 ტონა თხილს გადავამუშავებთ, რომელსაც ევროპისა და აზიის ბაზრებზე ვყიდით. კერძოდ, ევროპაში ძირითადად იტალიაში, გერმანიაში და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო აზიაში განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარია დაინტერესებული, რომელთანაც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს კომპანია Ferrero-სთან და რამდენიმე დღეში, პარიზში გამოფენაზე ვიქნებით წარმოდგენილი.
თხილს ბევრი გადამუშავების მეთოდი აქვს. ვყიდით გატეხილ მდგომარეობაში, ასევე მოხალულს და კანგაცლილი სახით ასევე, დაჭრილ - დაქუცმაცებულ გრანულებს, რომელიც საკონდიტრო ნაწარმებში გამოიყენება და თხილის ფქვილს ვყიდით, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. გარდა ამისა, ვაწარმოებთ თხილის პასტას, რომლისგანაც შოკოლადი მზადდება და ის სარეალიზაციო პროდუქტებს შორის ლიდერია“, - აცხადებს კავსაძე.
რაც შეეხება ქართული თხილის პოტენციალს, მისი თქმით, ქართულ თხილს საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით, დასავლეთში მოყვანილ თხილს, რომელიც მაღალი ცხიმოვანებითა და ენერგეტიკული მახასიათებლებით გამოირჩევა.
მისივე თქმით, ქართული თხილისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, ფაროსანა იყო, რომელიც უკვე თურქეთსა და აზერბაიჯანს მოედო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქართული თხილი ბაზარზე სულ უფრო კონკურენტული ხდება.
ინფორმაციისთვის, შპს "აი ჯი აგრო" სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში 2021 წლიდან ოპერირებს და წელიწადში დაახლოებით 5000 ტონა თხილს გადაამუშავებს. კომპანიას საკუთარი თხილის ბაღებიც აქვს, რომელიც 700 ჰა-ზეა გაშენებული. ამასთან, დამატებით თხილს სამეგრელოსა და კახეთის მასშტაბით ყიდულობს. კომპანიაში ძირითადად 100 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დაახლოებით 270 ადამიანს ასაქმებს.
ჯამური ინვესტიციის ღირებულება 50 მლნ ლარზე მეტია, თუმცა ყოველწლიურად, საწარმოს გაუმჯობესებაში მილიონობით ლარი იხარჯება.