მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sali Stone : „მიმდინარე წელს, წარმოების 40-50%-იან ზრდას ვგეგმავთ“

ქვა

ბუნებრივი ქვის მომპოვებელი და გადამმუშავებელი ქარხანა Sali stone, წარმოების გაზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანიის თანადამფუძნებელმა, თემურ წკეპლაძემ განაცხადა.

ბუნებრივი ქვის მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქახანა Sali stone, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს და ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს ძირითადად გრანიტისა და ბაზალტის დამუშავებულ ქვებს სთავაზობს, რომელიც როგორც გარე ფასადისთვის, ასევე შიდა ინტერიერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება.

მისი ინფორმაციით, მათ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდების დაკმაყოფილება მათთვის გამოწვევაა. ამ დროისათვის, კომპანიაში ზამთრის პერიოდში 12-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო სეზონზე კადრებსაც იმატებენ. წარმოების გაფართოების შემდეგ კი, კადრების 20 ადამიანამდე ზრდას გეგმავენ.

„ზოგადად ჩვენი საქმე სეზონურია, მაგრამ დაფუძნების შემდეგ, ჩვენ ერთი დღე არ დაგვისვენია, რადგან ქართული ბაზარი მეტად მომთხოვნია, ვიდრე მიწოდებაა შესაძლებელი. ბევრი კომპანია და მცირე საწარმოა ჩვენი კონკურენტი, მაგრამ კომპანიის ხარისხიდან გამომდინარე აშკარად მოწინავეები ვართ.

მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ახალი მანქანა-დანადგარები შევიძინეთ, ნაწილი კიდევ გზაშია, რის შემდეგაც სრული დატვირთვის შემთხვევაში წარმოების 40-50%-ით ზრდა იგეგმება. ახალი დანადგარები კი ქვის დამუშავების განსხვავებული ტიპის დანერგვას უზრუნველყოფს, რაზედაც ვფიქრობთ, რომ პირველები ვიქნებით.

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვის დამუშავებას ძალიან დიდი ამორტიზაცია აქვს, რთულია სივრცეში სუფთად მუშაობა, ამიტომ ვგეგმავთ ძველ შენობებს, რომლებიც თავის დროზე შევიძინეთ და ქარხნის სახით არსებობდა ამის სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ, ამასთან, ქარხნის შიდა ტერიტორიის მოპირკეთებას დავიწყოთ, რათა დასაქმებულს სამუშაო პროცესში ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს“,- აცხადებს წკეპლაძე.

მისივე ცნობით, კომპანია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო კომპანიებთან ახდენს.

რაც შეეხება ფასს, ფასი დამოკიდებულია მოთხოვნის შესაბამისად. საშუალოდ, ქართული ბაზალტის ქვის ღირებულება 40-45 ლარიდან იწყება, ხოლო გრანიტის ღირებულება, 75-80 ლარიდან.

კომპანიის დამფუძნებელი გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სტაბილური კადრის შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ახალგაზრდებს მუშაობის მაგივრად არაფრის კეთება, ან საზღვარგარეთ სამუშაოს ძებნა ურჩევნიათ.

ინფორმაციისთვის, ქვის საწარმო Sali Stone ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. თუმცა ქარხანა, რომელიც ახლა ფუნქციონირებს, მანამდე ქართულ ბაზარზე 30 წლიანი გამოცდილებით, მხოლოდ ბაზალტის ქვის კუთხით მუშაობდა. თუმცა პანდემიის შემდეგ, Sali stone-მა გერმანელ პარტნიორებთან ერთად კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, რათა ქართული ბუნებრივი ქვებით საერთაშორისო ბაზრები მომარაგებულიყო. კომპანიამ ქარხნის შესაძენად და სრულად განსაახლებლად, პირველ ეტაპზე 1,5-2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები