მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინებზე მაღალი ზრდა - კავკასიის მიმოხილვა

6339450bf14c5
ეგნატე შამუგია
03.10.22 11:00
2264
წინა ორი წელი კავკასიის ეკონომიკებისთვის მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ მიმდინარე წელს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. აღნიშნული ნაწილობრივი რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სომხეთი და საქართველოს შემთხვევაშია თვალსაჩინო.
 
როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველ წელს გლობალური ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის კლების ნიშნული 5.3%-ს შეადგენდა, რაც მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე „დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი. მეოთხე - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.

კავკასიის ეკონომიკის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ პანდემიის მეორე წლიდან დაიწყო. 2021 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობამ პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით გადააჭარბა. კავკასიის ეკონომიკის აღდგენა კი დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 2.9%-იანი ზრდა იყო. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს.

საქართველო შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩეოდა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

2021 წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. ეკონომიკის აღდგენის ასეთი ტემპი მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. აპრილში ზრდის მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა. ამ პერიოდში საბაზო ეფექტი უკვე სრულად გამორიცხული იყო, რადგან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საბაზო ეფექტის გამო ეკონომიკა 44.8%-ით იყო გაზრდილი. ამავე წლის მაისში ზრდის მაჩვენებელი 25.8% იყო, რაც მიმდინარე წლის მე-5 თვეს 11.6%-ს აღწევდა. ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.2%-ით გაიზარდა, რაც ივლისში 9.7%-ია. აგვისტოში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვეს 10.3% იყო. ამდენად, მიმდინარე წელის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის საშუალო ზრდა 10.2%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 10.7% იყო.

გასულ წელის აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატებოდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 7.7%-ით აღემატებოდა, რაც ჯერ კიდევ თებერვალში 3.3% იყო. აღნიშნული კი მარტში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდა უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დომინანტურია. მდგომარეობა აპრილშიც არ შეცვლილა, იანვარ-მაისში ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში 0.8% იყო. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდა 5.8%-ია, რაც გასული წლის პირველი რვა თვის მაჩვენებელზე 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია.

პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობა იყო. გარდა, პანდემიის გამო შეზღუდული ეკონომიკური აქტივობისა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 9.6% იყო, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 7.4%-იანი ზრდაა. უკვე მაისიდან ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, რადგან ამ პერიოდში ზრდის ნიშნულმა 13.0%-ს მიაღწია, რაც ივნისსა და ივლისში 18.3% და 19.4%-ები იყო. აგვისტოში სომხეთის ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.5%-ით მეტია. ამდენად, მიმდინარე წლის რვა თვეში ზრდის მაჩვენებელი 13.9%-ს შეადგენს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 4.9% იყო.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის ტემპი პოზიტიური იყო, რაც სომხეთის შემთხვევაში საკმაოდ არასახარბიელო. თუმცა, მიმდინარე წელი სამივე ქვეყნისთვის უკეთესად დაიწყო. მართალია, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მოლოდინები გააუარესა, მაგრამ მიგრაციული პროცესების გამო აღნიშნული კავკასიის ეკონომიკაზე დადებითად აისახა. მიმდინარე ეტაპზე მდგომარეობას რეგიონში არსებული დაძაბულობა აუარესებს. კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური სამხედრო შეტაკებები.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში კავკასიის ეკონომიკების ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, საერთაშორისო ორგანიზაციების წლიური საპროგნოზო ნიშნულები შედარებით დაბალია. ეს კი პროგნოზების მომზადების ადრეულ პერიოდს უკავშირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0%-დან 9.0%-მდე გაიზარდა. ჯერ კიდევ მარტში სომხეთის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის 1.6%-იან ზრდას ვარაუდობდა, რომელიც გადაიხედა და ამ ეტაპზე 4.9%-ითაა მოსალოდნელი. სავალუტო ფონდის პროგნოზი კი - 5.0%-ია. აზერბაიჯანში კი ეკონომიკის ზრდა 3.8%-ითაა პროგნოზირებული, რაც ჯერ კიდევ აპრილის პროგნოზით 2.7% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები