ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აქთაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.
კერძოდ, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რათა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.
“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, მარშრუტში საქართველოს გაჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი ეფექტი მნიშვნელოვანი ვერ იქნება.
„ბუნებრივია მისასალმებელია ასეთ გადაზიდვებში საქართველოს გაჩენა. ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მოლოდინი იმისა, რომ ჩინეთი იქნება საქართველოს დერეფნისთვის მაფორმირებელი ქვეყანა, ეს მცდარია და ამას გარკვეული არგუმენტები გააჩნია.
ცნობილია, რომ საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიანობა 800 კმ მანძილზე იზომება, ხოლო როდესაც ზიდვის მანძილი აჭარბებს ამას და ამ შემთხვევაში ჩვენ 7 000 კმ-ზე გვაქვს საუბარი, მისი ეფექტიანობა დაბალია. თუ ამ გარემოებას დავუმატებთ იმას, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე საავტომობილო გზები სავალალო მდგომარეობაშია და 4-5 თვე ისეთი ტემპერატურული რეჟიმია, რომ გადაადგილება რთულია, არ მგონია, რომ ასეთი ტიპის გადაადგილება ასეთ შორ მანძილზე იყოს მოგებიანი.
მიმაჩნია, რომ შერეული გადაზიდვები უფრო მოგებიანია. შორეულ პერსპექტივაში ალბათ ყველაფერი ასე გადალაგდება და დავინახავთ, რომ ასეთ შორ მანძილზე საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიანობის ხარისხი იქნება დაბალი.
12-დღიანი მონაკვეთიც ვფიქრობ გადაჭარბებულია. სარკინიგზო გადაზიდვა არ ჩერდება, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტს გარკვეული პერიოდის შემდეგ ესაჭიროება გაჩერება, რათა მძღოლმა დაისვენოს, ამიტომ ეს დროც არარეალური მეჩვენება.“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.