გაზის ფასი არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) აბონენტებისთვის არარეგულირებადია და იგი დამოკიდებულია გაზის ფასზე, დოლარის გაცვლით კურსსა და გაზის განაწილების ტარიფზე, რომელიც მოიცავს ასევე ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია "სოკარ გაზში" განუცხადეს.
ჩვენთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ კურსთაშორის სხვაობას მათ შორის განაწილების ტარიფი ემატება, რაც 2012 წლის მერე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
საქმე ის არის, რომ 2018 წლიდან დღემდე ბიზნესს ბუნებრივი აირი 72%-ით გაუძვირდა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, კომერციული გაზის შესყიდვა 6 წლის წინ კერძო სექტორში თუ 75 თეთრად იყო შესაძლებელი, წელს ტარიფი 1.29 თეთრი გახდა.
“გაზის ფასი არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) აბონენტებისთვის არარეგულირებადია და იგი დამოკიდებულია გაზის ფასზე, დოლარის გაცვლით კურსსა და გაზის განაწილების ტარიფზე, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს. აღსანიშნავია, რომ განაწილების ტარიფი ბოლო წლებში 3-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფს, იგი რეგულირებულია და სემეკის მიერ დგინდება”, - ვკითხულობთ კომპანიის წერილობით განმარტებაში.
სატრანსპორტო დერეფნის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები ტარიფის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ლარის კურსის მერყეობას უკავშირებენ, თუმცა კურსის ცვლილების მიუხედავად გაზი 6 წლის განმავლობაში სულ ძვირდებოდა, ფასი მხოლოდ ერთხელ 2023 წელს შემცირდა. პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, რომ კომუნალური ხარჯის ზრდა განსაკუთრებით მძიმე მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა.
“ბოლო 6 წელიწადში 6-ჯერ მოხდა ცვლილება კომერციული გაზის ტარიფის მიმართულებით, აქედან 5-ჯერ გაიზარდა და ერთხელ შემცირდა. გაზრდის მარჟა თითქმის სამჯერ მაღალია, 64 თეთრით გაიზარდა და 11 თეთრით შემცირდა. აპელირება ხდება იმაზე, რომ სავალუტო კურსის ცვლილება იწვევს გაზრდა/შემცირებას. ასიმეტრიულად ხდება გაზრდა და შემცირება. ეს ურტყამს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც წარმოებაში სჭირდებათ გაზი და ერთობლიობაში ჩვენი პროდუქცია, რომელიც ისედაც რთულად შედის საერთაშორისო ბაზრებზე, გაუჭირდება ფეხის მოკიდება საექსპორტო ბაზრებზე”, - ამბობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.