მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციაში ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნის ინიციატივას დადებითად აფასებენ.
როგორც BMG-სთან ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე აცხადებს, მისი მოლოდინით, ახალ ფინანსურ ინსტიტუტს უფრო მეტად საინვესტიციო ფონდის ფუნქციები ექნება, რამაც მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს.
“ზოგადად, კარგი ინიციატივაა, როდესაც სახელმწიფო ბანკის შექმნაზეა საუბარი, რომელიც უფრო იქნება მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესზე. ქვეყანაში არსებობს კომერციული ბანკები, რომლებიც ძალიან კარგად არის განვითარებული, რეგიონს თუ შევადარებთ, ლიდერები ვართ, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს საინვესტიციო ბანკები.
შესაბამისად, სწორედ აქ მოგვევლინება ეს ბანკი და ეს იქნება უფრო საინვესტიციო ბანკი. განსხვავება რა არის? კომერციული ბანკები, თუ პროექტი კომერციული არ არის, მაქსიმალურ რისკებს იზღვევენ, შესაბამისად, უზრუნველყოფის გარეშე, როგორც წესი, არ გასცემენ [სესხს], სტარტაპებს არ აფინანსებენ, დამწყებ ბიზნესს არ აფინანსებენ. საინვესტიციო ბანკები კი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ კონკრეტულად ბიზნესი განავითაროს. აქ უკვე სხვა რისკებია, ანუ გამოსავლიანობა უფრო ნაკლები პროცენტია. თუ კომერციული ბანკი 95%-იან გამოსავლიანობას ეძებს, საინვესტიციო ბანკი შეიძლება 60-70%-ზე წავიდეს, ანუ უფრო მეტი რისკი აიღოს.
აქ უკვე სტარტაპების კომპონენტიც ნამდვილად შემოვა, უფრო მეტ ბიზნესგეგმას შინაარსობრივად შეხედავს და დავუშვათ, ვენჩურული კაპიტალის თემაც – სარისკო კაპიტალიც. სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები, ასეთი სახელმწიფო ბანკები ყველა ქვეყანაში არის და ჩვენთანაც რომ გაჩნდება, ძალიან კარგი იქნება.
უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება, იმიტომ რომ ისეთი ბიზნესები, რომლებსაც უზრუნველყოფა არ აქვთ და ვერ ემსახურებიან სესხს, ისინიც მიიღებენ დაფინანსებას, ოღონდ უფრო სიღრმისეული ბიზნესგეგმით, უფრო პროგნოზირებადი გარემოს შესწავლით და ფინანსური მაჩვენებლების უფრო კარგად დამუშავებით. ბანკები უფრო ზედაპირულად ამუშავებენ, იმიტომ რომ რისკები გადაზღვეული აქვთ. როდესაც რისკს აიღებს სახელმწიფო უფრო მეტად, როგორც განვითარების ფონდი (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) [პროექტის] 51%-ს ყიდულობდა და ბიზნესში შემოდიოდა – ბიზნესპარტნიორი ხდებოდა – ესე იგი რისკებს იზიარებდა. იგივე ვარიანტი იქნება.
[მოლოდინია, რომ] უფრო ადგილობრივი წარმოება, ისეთი ბიზნესები, რომლებიც იმპორტს ანაცვლებს ან ექსპორტზე არის ორიენტირებული – უფრო ესენი იქნება პრიორიტეტში. შეიძლება გაკოტრებული ქარხანა იყიდოს საინვესტიციო ფონდმა, განავითაროს, წინ წამოწიოს და მერე გაყიდოს. საინვესტიციო ბანკის შინაარსი უფრო მაღალ რისკებზეა დაფუძნებული. რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება ფინანსურ სექტორში, უფრო დაბალი პროცენტი და უფრო მეტი გაცემული სესხი იქნება. პოლონეთი არის კარგი მაგალითი ამის”, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. განმარტებითი ბარათის თანახმად, ფონდის საკრედიტო პორტფელი და ოპერაციები ეკონომიკის სსიპ-ს "აწარმოე საქართველოში" შეერწყმება. ამ შერწყმის შემდეგ კი მთავრობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის - "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნებას გეგმავს, რისთვისაც პარლამენტს ცალკე კანონპროექტი წარედგინება, შესაბამისად უშუალოდ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციონირების შესახებ მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.




























