დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2026 წლისთვის საინვესტიციო გეგმებს აჟღერებს. კომპანიის დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის კომპანია დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„2025 წელი მარტივი არ იყო, თუმცა გამოწვევების მიუხედავად ვფიქრობთ, რომ წელს წარმატებულად ვხურავთ. წელს, წინა წელთან შედარებით, ზრდა დაახლოებით 20-25% დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო კვარტალი, რომელიც წინა სამ კვარტალთან შედარებით უფრო სტაბილური აღმოჩნდა. 2026 წელს კი, მართალია სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა დაახლოებით 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ და ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი პროექტების დაგეგმვაზე, რომლებიც თბილისის ცენტრალურ უბნებში განთავსდება. საუბარია ვერას, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიებზე, სადაც „მეტროპოლი“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტების განვითარებას გეგმავს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქიტექტურა და პროექტების იერსახე, რადგან ქალაქის ცენტრში პროექტის განხორციელება გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, განვიხილავთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორის ჩართვას. გვაქვს ამბიცია, რომ „მეტროპოლს“ ჰქონდეს გამორჩეული არქიტექტურის პროექტები, რომლებიც მიმზიდველი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორის მოადგილემ.




























