საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 15 დეკემბრამდე პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მიიღოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერა. ამის შესახებ მან გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა უნდა დაველოდოთ დეკემბერს, როცა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ რეკომენდაციებს მივიღებთ. მომდევნო 5 კვირა იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ დავრწმუნდეთ და უზრუნველვყოთ ის, რომ თითოეული წევრი ქვეყანა 15 დეკემბერს თანხმობას განაცხადებს და დაეთანხმება ამ დადებით რეკომენდაციას.
ამის შემდეგ ორი მხარე გექნებათ - ერთ მხარეს იქნება საქართველო, რომელმაც უნდა განახორციელოს და დააჩქაროს რეფორმების განხორციელება - 9 ნაბიჯი გვაქვს, როგორც მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ და მეორე მხარეს გვყავს ევროკავშირი 27 წევრი ქვეყნით, რომელმაც უნდა დაიწყოს მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ მიიღონ რამდენიმე, შესაძლოა 10 წევრი ქვეყანა.
რა დრო იქნება ამისთვის საჭირო - ვნახავთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ორივე მხრიდან წინსვლას რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ, იმისთვის რომ არამხოლოდ აღვნიშნოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა დიპლომატმა.