ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაჩერება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზარალებს.
როგორც ბერიკაშვილმა BMG-ის განუცხადა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის იმიჯი უკვე დააზიანა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ ევროკავშირი საქართველოში მიღმა თავდაცვის სექტორის დაფინანსებისა, სხვა მიმართულებითაც შეაჩერებს ფინანსურ დახმარებას.
„ელჩმა ევროკავშირის ერთიანი პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია. ეს ჩვენთვის ბევრ ცუდ რამეს ნიშნავს, მათ შორის ფინანსური დახმარებების გაჩერებას. პირველ რიგში, გაჩერდა დახმარება თავდაცვის მიმართულებით, თუმცა ეს დასასრული არაა და გაჩერდება ბევრი ისეთი პროგრამა, რომლითაც საქართველოში მათ შორის ეკონომიკური აქტივობები ფინანსდებოდა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ საქართველო, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესებში ლიდერი იყო, აღარც განიხილება ამ მიმართულებით. ჩვენ ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი გაყინული გვაქვს, რომელიც როდის აღდგება, არ ვიცით. ამ დროს ვკარგავთ და მას ვეღარ დავაბრუნებთ უკან. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაჩერება, დიპლომატებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები პირდაპირი მესიჯია ინვესტორებისთვის, რომ რაღაც ისე ვერაა ამ ქვეყანაში და ცხადია, ისინი გადაწყვეტილებას ამ მოცემულობაზე დაყრდნობით მიიღებენ. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს დააზარალებს, უკვე დაზარალებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ ის, რაც ამ ხელისუფლებამ დააზარალა“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რამდენადაც, მათთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა". ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისადმი EU-ს დახმარება ეტაპობრივად შემცირდება.