ჩინეთი აფრიკულ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. სწორედ ამაზე მიუთითებს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის უახლესი გადაწყვეტილება, რომლითაც რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ყველაზე ღარიბ კონტინენტს $50 მილიარდის მოცულობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ამ თანხით ჩინეთს აფრიკულ სახელმწიფოებში ინდუსტრიული წარმოების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სექტორების განვითარება და კონტინენტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვა სურს.
ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის შესახებ სი ძინპინმა “ჩინეთი-აფრიკის თანამშრომლობის სამიტზე” ისაუბრა, რომელიც პეკინში მეცხრედ იმართება. ამ სამიტს 50-ზე მეტი აფრიკული სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან, მათ შორის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა და კენიის პრეზიდენტი, უილიამ რუტო, რომლებიც ჩინეთის მმართველს პირადადაც შეხვდნენ. სამიტის დასრულებისთვის, წესით და რიგით, აფრიკულმა ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის შეთანხმება უნდა გააფორმონ, როგორც ერთმანეთში, ასევე ჩინეთთან.
აღნიშნული სამიტი მნიშვნელოვანია ჩინეთისთვისაც, რომელიც საკუთარი პროდუქციისთვის ახალ, ნაკლებად ათვისებულ ბაზრებს ეძებს. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრომობილებისა და მზის პანელების ექსპორტი ბოლო პერიოდში ჩინეთს ძალიან გაურთულდა, რაც აშშ-ის, კანადის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკავშირდება, ამ პროდუქტების აფრიკაში გატანით, სი ძინპინს დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. თუმცა ვაჭრობის კუთხით ჩინეთთან გარკვეული ეჭვი არსებობს, რადგან 2021 წელს გაცემული დაპირება, რომლითაც ჩინეთი $300 მილიარდის აფრიკული ნაწარმის ყიდვის ვალდებულება აიღო, არ შესრულდა.
ნებისმიერ ვარიანტში, ჩინეთი აფრიკის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება - ეს სიმბოლური წოდება სი ძინპინის მიერ მართულმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2009 წელს მიიღო, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრო. ბოლო ორი დეკადის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა წლიურად საშუალოდ 17.2%-ით იზრდებოდა და გასულ წელს, $277 მილიარდს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, ჩინეთისა და აფრიკის სახელმწიფოების სავაჭრო ბრუნვამ $166-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.
ვაჭრობის ხელშეწყობის გარდა, ჩინეთი აფრიკული სახელმწიფოების მთავარ დამკრედიტებლადაც რჩება. 2000 წლის შემდეგ, ჩინური ფულით აფრიკაში $180 მილიარდის ღირებულების ხიდები, სარკინიგზო ხაზები და ჰიდროელექტროსადგურები აშენდა. 2023 წელს, ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა აფრიკულ ქვეყნებს $4.61 მილიარდის ფინანსური რესურსი გამოუყვეს, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე პრეპანდემიურ 2019 წელს. მომავალში, ჩინეთი აფრიკული სახელმწიფოებისა და კომპანიების მიერ გამოშვებული ბონდებისა და ობლიგაციების შესყიდვასაც გეგმავს.