მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომგებიანი ბანკების რეიტინგი - როგორ გადანაწილდა 2.1 მილიარდი ბანკებს შორის?

63d79e460e1e6
ნინო ტაბატაძე
31.01.23 00:00
2343
2022 წელი 14 კომერციული ბანკიდან 11-მა მოგებით დაასრულა. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ჯამური წმინდა მოგება 2.08 მლრდ ლარს შეადგენდა.

მომგებიანობით საქართველოს ბანკი ლიდერობს, რომლის წლიურმა წმინდა მოგებამ 924.3 მლნ ლარი შეადგინა. 893,5 მლნ ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილზეა თიბისი. სამეულში შედის ლიბერთი, რომელმაც თითქმის 67 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.

კომერციული ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 2022 წელს

• საქართველოს ბანკი 924 343 000 ლარი
• თიბისი ბანკი 893 536 000 ლარი
• ლიბერთი ბანკი 66 940 000 ლარი
• ბაზის ბანკი 54 306 000 ლარი
• ქართუ ბანკი 52 819 000 ლარი
• პროკრედიტ ბანკი 48 030 000 ლარი
• კრედო ბანკი 33 746 000 ლარი
• ტერა ბანკი 30 342 000 ლარი
• იშ ბანკი 17 736 000 ლარი
• ხალიკ ბანკი 13 141 000 ლარი
• ზირაათ ბანკი 6 474 000 ლარი
• ვითიბი ბანკი (-51 304 000 ლარი)
• სილქ ბანკი (-2 884 000 ლარი)
• პაშა ბანკი (-2,132 000 ლარი)

გასულ წელს ზარალზე იყო 3 ბანკი, მათ შორის სანქცირებული რუსული VTB -ის შვილობილმა „ვითიბი ბანკი საქართველომ“ ზარალის სახით 51 მლნ ლარი მიიღო.

ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში მაღალ მოგებას ქვეყანაში ეკონომიკის მაღალ ზრდას უკავშირებს. თუმცა, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი BMG -სთან განმარტავს, რომ მიუხედავად თანხობრივი ზრდისა, კაპიტალზე უკუგებით მომგებიანობა შემცირებულია და 24% შეადგენდა. სებ-ში ელიან, რომ კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 2023 წელსაც შემცირდება და ის წლის ბოლოსთვის 20%-ის ფარგლებში იქნება.

„თუ შევხედავთ ეკონომიკის ზრდა ის 10% იყო 2022 წელს, ნომინალურ გამოსახულებაში მშპ-ს ზრდა 20% იყო. უკვე მეორე წელია ასეთი ვითარება გვაქვს. ცხადია, როდესაც არის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საკრედიტო დანაკარგები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ამას დაემატა ის, რომ გაცვლითი კურსიც გამყარდა და საკრედიტო ზარალი კომერციულ ბანკებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. იყო სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, გაზრდილია საგარეო ვაჭრობა, აღდგენილია შედარებით ტურიზმი, საგარეო შემოდინებები გვაქვს და ამ კუთხით, მიიღეს მეტი სარგებელი საოპერაციო კუთხით, მათ შორის ვალუტის კონვერტაციის კუთხითაც“, - ამბობს დავით უტიაშვილი.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ასეთი მაღალი მოგება  მაინც დროებითია. მათი მოლოდინით, გარკვეული შემცირება კაპიტალზე მომგებიანობის კუთხით 2023 წელსაც იქნება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები