სამეგრელოში, ზუგდიდში მდებარე ხის კოტეჯებისა და სახლების საწარმო „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფი“ მიმდინარე წელს კონვეინური მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შამუგიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომპანიაში ხის კოტეჯები და სახლები სკანდინავიური, კარკასული მეთოდით შენდება, ხოლო მიმდინარე წელს, გადასატანი, ასაწყობი სახლების წარმოება იგეგმება. შესაბამისად, მომხმარებელს შეეძლება საწარმოდან ასაწყობი სახლი წაიღოს, რომელსაც თავად ააწყობს, ან კომპანია თავად უზრუნველყოფს ამ სახლის აწყობას.
„ახალი მიმართულების ასამოქმედებლად, საჭიროა ახალი საწარმოო დანადგარების შეძენა, რომელიც დაახლოებით 40 000 ლარის ინვესტიციას მოითხოვს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა მივიღოთ და რესურსები ასე მოვიზიდოთ.
ამ ეტაპზე, ხის კოტეჯებისა და სახლების მინიმალური კვადრატულობა 40 კვ.მ-დან იწყება და კვადრატულის ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ სად უნდა აშენდეს კოტეჯი. თუმცა, მისი მინიმალური ღირებულება $280-დან იწყება.
რაც შეეხება ნედლეულს, კომპანიაში ადგილობრივ და რუსულ ნედლეულს ვიყენებთ. ნედლეულის ტიპის შერჩევა კი მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
კომპანიაში ჯამში 5 ადამიანი ვართ დასაქმებული, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხის კოტეჯის სრულ მოწყობას უზრუნველვყოფთ, თუმცა სექტორში კვალიფიციური კადრები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. კარკასული ტექნოლოგიით სახლის აშენების სასწავლად, 442 გვერდიანი სტანდარტების სახელმძღვანელო არსებობს, რომლის წაკითხვაც არავის უნდა. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებული ხელოსნების უმრავლესობას შესაბამისი განათლება არ აქვს და მხოლოდ ყურების შედეგად ან ინტერნეტის საშუალებით აქვთ ნასწავლი,“-აცხადებს შამუგია.
მისივე ცნობით, კომპანიის ძირითადი მომხმარებლები ფიზიკური პირები არიან, რომელთა უმრავლესობას ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შამუგიას თქმით, აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აპლიკაციაშივე დაგეგმონ მათთვის სასურველი სახლი და მისი ღირებულების კალკულაციაც იქვე მოახდინონ. თუმცა, აღნიშნულის მიმდინარე წელს განხორციელება არ იგეგმება.
ინფორმაციისთვის, ხის მწარმოებელი კომპანია „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფი“ ზუგდიდში მდებარეობს და ბაზარზე 2 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს ხის კოტეჯებსა და სახლების აშენებას სთავაზობს და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში აქვთ მიწოდების შესაძლებლობა.