2025 წლის პირველი კვარტალი საცალო ვაჭრობის სექტორის ნაწილისთვის კლების ტენდენციით დასრულდა.
რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მომხმარებელთა ნაკადი შემცირებულია და გაყიდვების კლება ფიქსირდება.
როგორც ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „კოტონში” BMG-ის განუცხადეს, მათ შემთხვევაში იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალიზაცია 13%-ით შემცირდა, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობამ 25%-ით იკლო.
„კოტონის“ რეგიონალური მენეჯერის შეფასებით, გაყიდვების კლების მიზეზი სავარაუდოდ, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე, მომხმარებლის მხრიდან შემცირებული დანახარჯები, ასევე ტურისტული ნაკადების კლებაა.
„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შარშან იგივე პერიოდთან შედარებით ჩვენი გაყიდვები -13% იყო, რაც შეეხება მომხმარებლების რაოდენობას, მომხმარებლების ნაკადმა საშუალოდ 25%-ით დაიკლო. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს და ბათუმს. ჩვენი ვარაუდით, ამ მოვლენებმა [არასტაბილურობამ] დიდი ზეგავლენა იქონია და ეს უკვე დაგვეტყო ნოემბრიდან მოყოლებული. იანვარ-დეკემბერშიც, ასეთი [ცუდი] ახალი წელი არასდროს ყოფილა და ამ წელსაც გადმოვიდა ეს ტენდენცია.
შეგიძლია ვთქვათ, რომ მიზეზი ტურისტების სიმცირეცაა, ქვეყანაში არსებული არეულობის გამო ჩამოსვლისგან თავს იკავებენ. უცხოელების ნაკლებობა აშკარად შეინიშნება. ქართველი მომხმარებლების შემთხვევაშიც, გვაქვს ტენდენცია, როდესაც რაოდენობრივად უფრო ნაკლებს ყიდულობენ. ზოგადად არასტაბილური გარემოს ფონზე, მომხმარებელი ზედმეტის ყიდვას ერიდება. იმედი მაქვს, რომ ზაფხულისთვის გაყიდვების ზრდა იქნება, თუ სიტუაცია დაწყნარდება, ტურისტებიც შემოვლენ და უფრო დადებითი ტენდენცია იქნება“, - განაცხადა „კოტონის“ რეგიონალურმა მენეჯერმა, სალომე ინასიანმა.