მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებელი ნატურალურზე მეტად, პროდუქტის ფასს უყურებს - ჩირის მწარმოებელი "ფრუტერა"

64316ac51b9d5
სალომე ხიდურელი
08.04.23 19:29
1414
„მომხმარებლის 80% არ კითხულობს ეტიკეტს, არ აინტერესებს რამდენად ნატურალურია პროდუქტი, უფრო ფასს უყურებენ“, - ჩირის მწარმოებელთა სექტორისათვის ძირითად გამოწვევებზე BM.GE-სთან კომპანია „ფრუტერას“ დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ მცირე მეწარმეებისათვის იმპორტული პროდუქციით გაჯერებულ ბაზარზე ოპერირება რთულია.

„ჩვენი პროდუქტი არის აბსოლუტურად ნატურალური, არავითარ დანამატს არ შეიცავს. დიდ კომპანიებს თუ დააკვირდებით, ხშირად ამატებენ შაქარს, ემულგატორებს, არომატიზატორებს, ფერებს. ნატურალური პროდუქტის რეალიზება რთულია - შენახვის ვადა უფრო ნაკლები აქვს. რისკი არის, რომ 6-7 თვის ვადაში რეალიზება ვერ მოხდება და ეს უკვე ზარალია - ემატება ლოჯისტიკური ხარჯებიც, რომ მაღაზიიდან ეს ვადაგასული პროდუქტი გამოვიტანოთ.

ბაზარი იმპორტული პროდუქტითაა გაჯერებული, რაც ადასტურებს, რომ ჩირზე მოთხოვნა არის. ამას ასევე მივხვდით „კარფურის“ მაგალითზე, როცა ქსელმა თვითონ შემოგვთავაზა სტაბილური მიწოდების შემთხვევაში მეტ ფილიალში შესვლა. სხვა სუპერმარკეტებში ჯერ ვერ შევდივართ, ზოგმა შეფუთვა დაგვიწუნა. ჯერ შტრიხკოდიც არ გვაქვს. ამ პრობლემის მოწესრიგება რომ შევძლო, სხვა სუპერმარკეტებშიც შევიტანდი“, - ამბობს დავით გელუტაშვილი.

მისი განმარტებით, ჩირის წარმოებაში პრობლემა იმპორტული ნედლეულის გამოყენებაცაა, რადგან ადგილობრივი პროდუქტი რეალიზაციის გარეშე რჩება.

„რატომ უნდა იყოს საქართველოში იმპორტირებული ჩირეული, როდესაც სეზონზე უამრავი ხილი ფუჭდება? ახლაც, მაგალითად, 15 ტონა ვაშლი გვიწყვია „ფრუტერას“ მეურნეობაში, რომლის რეალიზებასაც ვერ ვახდენთ.

ამ დროს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ჩინეთიდან შემოაქვს ვაშლის ჩირი და აქ აფასოებს და ყიდის. ამ დროს ჩვენი ნედლეული რეალიზაციის გარეშე რჩება, ასეთი რაღაც რატომ უნდა ხდებოდეს?“ - ამბობს გელუტაშვილი.

„ფრუტერას“ დამფუძნებელი BM.GE-სთან ჩირის არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებზეც საუბრობს, რომლებიც, მისი განმარტებით, წონაში მოგების მიზნით ნედლეულს სათანადოდ არ აშრობენ.

„როგორც წესი, დიდი მწარმოებლები ხილს უფრო ნაკლებად აშრობენ, რომ უფრო დიდი წონა ჰქონდეს. ამის გამო კონსერვანტების გამოყენება უწევთ, რადგან ცუდად ინახება ნაკლებად გამომშრალი ჩირი. მომხმარებელი კი ორმაგად აგებს, ერთი მხრივ კონსერვანტებიან პროდუქტს ჭამს, მეორე მხრივ კი წონაში ატყუებენ.

„ფრუტერას“ წარმოებული პროდუქტი ზომაში, დაახლოებით, 6-ჯერ არის შემცირებული, დიდი მწარმოებლების კი, ალბათ, 4-ჯერ“, - აღნიშნავს დამფუძნებელი.

დავით გელუტაშვილი სექტორისთვის კიდევ ერთ დაბრკოლებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს და განმარტავს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დონორებისა და საგრანტო კონკურსების ნაკლებობაა.

„სამთავრობო პროგრამები არსებობს დაფინანსებისთვის, თუმცა სრული აღჭურვისთვის ეს საკმარისი არაა, რაც შეეხება საგრანტო კონკურსებს, შიდა ქართლში მხოლოდ USAID-ის პროგრამა მოქმედებს.

„ისე გამოდის, რომ საგრანტო პროგრამების დიდი ნაწილი უკვე გამართულ მწარმოებლებზეა მორგებული და არა დამწყებებზე, რადგან მცირე $5-10 000-იანი გრანტები არ გაიცემა.

დიდი გრანტები რომ მოითხოვო, 50%-იანი თანამონაწილეც უნდა იყო. ამის საშუალება მცირე და დამწყებ ბიზნესებს არ აქვთ. ამხელა ფული სოფელში ბევრ არ აქვს და, თუ ვინმეს აქვს, მაინც რისკიანი ინვესტიციაა, განსაკუთრებით „ფრუტერას“ შემთხვევაში, როცა საწარმო საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა“ , - აღნიშნავს გელუტაშვილი.

ცნობისთვის, „ფრუტერას“ საწარმო ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და საწყისი ინვესტიცია 140 000 ლარი იყო. ამ დროისთვის, კომპანია 14 დასახელების ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები