მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკის შერბილება ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს - დავით კეშელავა

დავით კეშელავა

ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.

როგორც დავით კეშელავამ BMG-ის განუცხადა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და დაკრედიტების გააქტიურება შესაძლოა, ერთ-ერთი ფაქტორი იყოს, მიმდინარე წელს მოსალოდნელზე მაღალი ზრდის მისაღწევად.

„გასულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის გამომწვევი ერთჯერადი ფაქტორები, მათ შორის მიგრაციის ეფექტი თითქმის სრულად ამოიწურა. პრაქტიკულად ყველა ანალიტიკური ორგანიზაცია ველით, რომ წელს მაღალი ზრდის ტემპი აღარ იქნება. მონეტარული პოლიტიკის შერბილება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაკრედიტების ზრდას შეუწყობს ხელს. ამან ბიზნეს აქტივობა უნდა წაახალისოს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა დავით კეშელავამ.

რაც შეეხება მოლოდინებს, დავით კეშელავას თქმით, შემცირებული მაკროეკონომიკური რისკების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს. თუმცა მისი თქმით, შემდგომ პერიოდში მსგავსი მკვეთრი შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია.

„მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციაზე მოქმედი როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები შერბილებულია. თუმცა იმ პირობებში, რომ საგარეო რისკები მაინც რჩება, ვფიქრობ, ეროვნული ბანკი მომავალში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და განაკვეთს უფრო ნელი ტემპებით შეამცირებს“, - განაცხადა დავით კეშელავამ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები