„მე მგონია, რომ დაგვიანებულია. ორი წლის წინ ვამბობდი დააკელითთქო და კარგია, რომ მნიშვნელოვნად დააკლეს“ - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 0,75 პპ-ით, 8,25%-მდე შემცირებას.
ბიზნესმენის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი კლებაა, თუმცა დაგვიანებული. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა უფრო ინტენსიურად შეამციროს განაკვეთი, რის საფუძველსაც მას ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები აძლევს.
„ჩვენ გვინდა განვითარდეთ და დავეწიოთ ევროპას. თუ ნელა ვივლით, დიდხანს ვერ დავეწევით. ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესი ინსტრუმენტია [საბანკო] კრედიტი. თუ კრედიტი ძვირი იქნება, ეკონომიკაც ვერ განვითარდება, ეს ორჯერ ორი ოთხია.
მე ორი წლის წინ ვეუბნებოდი კობა გვენეტაძეს, რომ [რეფინანსირების განაკვეთი] ჩამოსწიეთქო, რომ ეს ნიშნული ყოფილიყო ორი წლის წინ, სადაც ახლა ვართ. უფრო ინტენსიურად შეიძლება. ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს, რადგან კარგი ციფრებია, ყველა ფუნდამენტი იძლევა საშუალებას, განსაკუთრებით ინფლაცია. ინფლაცია აღარ არსებობს თითქმის, [განაკვეთი] უნდა ჩამოსწიონ“, - განუცხადა ბიზნესმენმა BM.GE-ს.