მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მონოლით ჯგუფმა“ ოქროყანაში, სახელმწიფო მიწის ნაკვეთი ₾2.7 მილიონად შეიძინა

მიწა

თბილისში, ოქროყანაში, სახელმწიფოს მიერ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი ქონება 2 775 000 ლარად კომპანია „მონოლით ჯგუფი პლუსმა“ იყიდა.

პრივატიზებული ქონება ოქროყანის დასახლებაში არსებულ 5 528 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს. 16 აგვისტოს გამოცხადებული აუქციონი უპირობო იყო და აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილი მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ჰქონდა, რაზეც აუქციონის მსვლელობისას გაკეთებული ერთი ბიჯი ადასტურებს.

რაც შეეხება „მონოლით ჯგუფი პლუსს“, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2000 წელსაა დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მმართველი შპს ემ.ჯი. ალიანსია, რომლის წილებსაც თავის მხრივ „მონოლით ჯგუფი“ (75%) და ირაკლი დარახველიძე (25%) მართავენ. დედა კომპანიის 20%-იან წილებს კი პაატა ფირცხალაიშვილი, ზვიად დარახველიძე, მამუკა ჩირგაძე, ზურაბ ჯულუხიძე და ზაზა იჩქიტიძე ფლობენ.

როგორც დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფის“ ვებგვერდზეა აღნიშნული, ჯგუფის ისტორია 2013 წლიდან იწყება და დღემდე დასრულებული აქვს 9 საცხოვრებელი სახლი, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

სახელმწიფოსგან ოქროყანაში პრივატიზებულ მიწასთან მიმართებით კომპანიაში არსებულ გეგმებს BM.GE „მონოლით ჯგუფში“ მოიკითხავს და მიღებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები