სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მედიკამენტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადის მიხედვით დარჩენილი
ჰქონდათ მცირე ვადები, სააგენტომ გახარჯა ორი ფორმით:
•761 შემთხვევაში (შემთხვევათა ჯამური რაოდენობის 0.1%) ბენეფიციარებზე გაიცა მედიკამენტები, რომელთაც ეწურებოდათ ვარგისიანობის ვადა. ეს ისეთი შემთხვევებია, როდესაც ბენეფიციარებმა მიიღეს ვადიანი მედიკამენტები, თუმცა იმ რაოდენობით, რომლის ნაწილსაც მოხმარების პერიოდში ამოეწურა ვარგისიანობის ვადა. ასეთი შემთხვევების მიხედვით ვარგისიანობის ვადა გაუვიდა 9,920 ერთეულს, რაც პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებზე ჯამურად გაცემული მედიკამენტების 0.02%-ს შეადგენს.
მაგალითად, 2019 წლის 22 თებერვალს ბენეფიციარზე გაცემულია 184 აბი მედიკამენტი L-თიროქსინი, მისაღები დღიური დოზა − 2 აბი. აღნიშნულ მედიკამენტს ვადა ამოეწურა 2019 წლის 28 თებერვალს. დღიური დოზის გათვალისწინებით, ამ დროისთვის მოხმარებული იქნებოდა 12 აბი, ხოლო დანარჩენ 171 აბს მოხმარების 85-დღიან პერიოდში გაუვიდა ვარგისიანობის ვადა;
•მედიკამენტები: ბუდესონიდი/პულმიკორტი 0,5მგ/მლ 2მლ, 1640 ერთეული და ალბუტეროლის სულფატი 2,5მგ/0,5მლ, 1125 ერთეული ჯამური ღირებულებით − 7,849 ლარი, მოქმედების ვადით − 2019 წლის 31 იანვარი, სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 10 იანვრის ბრძანების საფუძველზე გადაეცათ სოფლის ექიმებს. ექიმების მიერ მედიკამენტები მიღებულია 2019 წლის 20-23 იანვარს, მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე.
აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია ოჯახის ექიმების მიერ მედიკამენტების ხარჯვის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს არ სააგენტო, რადგან მათი განმარტებით, ექიმები არ იყვნენ ვალდებულნი მედიკამენტების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინათ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც უნდა მოიცავდეს სოფლის ექიმის
ჩანთა. ჩამონათვალში არ არის სააგენტოს მიერ გადაცემული მედიკამენტები. აქედან გამომდინარე, აუდიტი აღნიშნავს, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართული იყო არა მედიკამეტებზე რეალური საჭიროების დაკმაყოფილებისკენ, არამედ ფაქტობრივად ეს იყო მცდელობა, მედიკამენტების გაუვარგისების რისკი დაკისრებოდა მესამე მხარეს.
დასკვნის სახით, აუდიტი წერს, რომ სააგენტოში დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა, ვერ უზრუნველყო მედიკამენტების ვადების ეფექტიანი კონტროლი. შედეგად, რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდა ვარგისიანობის ვადა.