მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით 300-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველის პეტიციას ბიურო განიხილავს

კომიტეტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ფერეიდნიდან საქართველომდე“ მიერ ფერეიდნელებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებზე იმსჯელა.

კომიტეტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც წარმოდგენილი ხელმოწერებიდან 17 ბათილად ცნეს, თუმცა ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (335) აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ 300 ხელმოწერას. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პეტიცია განსახილველად გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს.

ცნობისთვის: 300-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველი პარლამენტის თავმჯდომარეს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით მიმართავს.

პეტიცია, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სახელზეა გაგზავნილი და პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა. საკითხი განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა, რომელმაც ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც საკითხის განხილვა დაიწყება.

“რამდენიმე წელია, ქართველ ფერეიდნელებს მასობრივად უარს ეუბნებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ასევე ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების მხრივ, დაბრკოლებები არ გააჩნიათ. ბუნებრივია, ფერეიდნელი იქნება თუ, სხვა ნებისმიერი პირი, უნდა შემოწმდეს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურის მხრიდან და შესაძლოა, უარიც ეთქვას, თუმცა ფერეიდნელებისთვის უარს ბოლო წლების განმავლობაში მასიური ხასიათი აქვს. ვითხოვთ აღნიშნული საკითხის განხილვას პარლამენტის შესაბამის კომიტეტში”, - ნათქვამია პეტიციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები