მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობის 80% ევროპული მომავლის მომხრეა" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24 English-თან

პრეზიდენტი
17.04.24 23:39
253

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც France 24 English-ს მისცა.

ინტერვიუში საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც "რუსული კანონის" ხელახალ დაბრუნებას და დამტკიცებას უკავშირდება.

- მოხარული ვარ, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი როლი საქართველოში ძირითადად ცერემონიალურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შიდა ქართულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო ღრმადაა ჩართული. გასულ წელს მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტი სცადა, რაც საქართველოში პირველად მოხდა. ახლა კი, ის მთავრობასთან უცხოური გავლენის კანონზე დაობს.

მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო. თქვენ მკაფიოდ აკრიტიკებთ ამ კანონპროექტს. პლატფორმა X-ზე თქვით, რომ ეს არა მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არამედ მას რუსული კანონიც უწოდეთ და თქვით, რომ ეს დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიის ნაწილია. ვფიქრობ, ნამდვილად მკაცრად ნათქვამია. გვითხარით, რას ფიქრობთ, რას აკეთებს რუსეთი?

- პირველ რიგში, ცხადია, რომ მოსახლეობის 80% ევროპული მომავლის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, და ეს ასე იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვინც ქართველი ხალხის ამ ნებას ეწინააღმდეგება, ის წარმოადგენს არა საქართველოს ნებას, არა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ სხვა რამეს. როდესაც კანონი, რომელზეცაა საუბარი იმ კანონის ასლია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში მიიღო, იმ წარმატებითა და შედეგებით, რაც ვნახეთ - აღარც არასამთავრობო ორგანიზაციები და აღარც ოპოზიცია, ყველაფერი კონტროლირებადი, ეს არაა მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს. ეს არაა ის მომავალი, რომელსაც მე, საქართველოს მოსახლეობის მიერ და ევროპული პროგრამით არჩეული პრეზიდენტი მივიღებ.

კანონს ვეტოს დავადებ. ვიცი, რომ ვეტო დაიძლევა, მაგრამ მე იქ ვლაპარაკობ, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოვხატავ, რომელიც ქუჩაშია ნაჩვენები. თუ დააკვირდებით, მოსახლეობას ვინ წარმოადგენს, ეს არსებითად ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია და ამბობს: „არა რუსეთს“, „არა რუსულ კანონს“.

- ამ ყველაფრის საპასუხოდ დღეს კრემლმა განცხადება გაავრცელა. მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. მოდით მოვუსმინოთ დიმიტრი პესკოვს [ვიდეო]. ქალბატონო პრეზიდენტო, კრემლი ამბობს, რომ ანტირუსული სენტიმენტები საქართველოს ფარგლებს გარედან, გარე აქტორებისგან მოდის. როგორ ფიქრობთ, ვის გულისხმობენ?

- არ ვიცი ვის გულისხმობენ. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ანტირუსულ სენტიმენტებს ისინი აძლიერებენ, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციას ახდენს და არავინ სხვა. ეს ძალიან ნათელია ქართველებისთვის, ვინ არის მტერი და ვინ პარტნიორი, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიზაციას, ქართულ ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას. ძალიან გასაკვირია, რომ ბოლო დღეებში ამ რუსულ კანონს მხარს უჭერენ რუსები მაშინ, როცა ყველა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ეს ჩვენს ევროპულ გზაზე დაბრკოლება იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან, ძალიან ნათელია.

- ამის შესახებ მინდოდა მეკითხა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების შესახებ. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, იქნება თუ არა ეს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებისთვის საბედისწერო?

- არა. რა თქმა უნდა დაბრკოლებაა და ევროპელი ლიდერები სწორედ ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნები გვაქვს, სადაც ქართველი ხალხი საკუთარ სათქმელს იტყვის და ეს გადაწყვეტს ჩვენს ბედს. ასე რომ, ამაში საბედისწერო არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ და სხვა კანონების გამოყენება, რომლებსაც უმრავლესობა წარადგენს იმისკენაა მიმართული, რომ მეტი დაბრკოლება შექმნას და ამიტომ ვუწოდებ ამას რუსულ სტრატეგიას. მაგრამ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ქართველი ხალხი არჩევნებით ვერ გადალახავს.

- ამაზე სასაუბროდ საკმაოდ მკაცრ შეფასებებს იყენებთ და როგორც ჩანს, ეს თქვენთვისაც საკმაოდ პირადულია, რადგან გასულ სექტემბერს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, თქვენი იმპიჩმენტის მცდელობისთვის ეს უპრეცედენტო პროცესი დაიწყო, რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ თქვენ ევროპელ ლიდერებთან ლობირებდით და ცდილობდით საქართველო ევროკავშირის სტატუსის გზაზე წინ წაწეულიყო. იმპიჩმენტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ეს პირადად თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი უნდა ყოფილიყო. მაინტერესებს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ საუბრობთ კანონზე, გჯერათ თუ არა ახლა, არის თუ არა თქვენი პოზიცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უსაფრთხოდ? გეშინიათ რომ იმპიჩმენტი განმეორდება?

- არაფრის მეშინია. ეს პირადულია, რამდენადაც მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა ერთადერთი მომავალია ქვეყნისთვის, რომელიც დამოუკიდებლობისთვის უსასრულოდ იბრძოდა. ამას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს. ასე რომ, ეს თან არის პირადული და თან არა. ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ევროპული პერსპექტივის დასაცავად ბრძოლას ვაპირებთ.

- ბოლო კითხვა. დღეს და ხვალ ევროპული საბჭო იკრიბება. ვიცი, რომ დღის წესრიგში ახლო აღმოსავლეთი და უკრაინაა. ასევე ვიცი, რომ ევროპელ ლიდერებს სთხოვეთ საქართველოც იყოს დღის წესრიგში. ოფიციალურად, ეს ასე არაა. გაწუხებთ, რომ ევროპელი ლიდერები საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამენ თქვენს საკითხებს?

- არა, ზოგიერთ ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რომ აქ [ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა] სიტუაცია დაძაბულია და ყურადღების ღირსია და ნათელია, რომ ჩვენ არ ვართ უმაღლესი პრიორიტეტი. ეს ძალიან კარგი ნიშანია. არ ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს პირველ პრიორიტეტი. ეს სხვა რამის მანიშნებელი იქნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საჭირო ყურადღებას მივიღებთ, რათა არჩევნებამდე მივიდეთ და ჩვენი ევროპული მომავალი გავამყაროთ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც თბილისიდან გვესაუბრებოდა. დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები