VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, გოგლა ჟვანია მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიას საეჭვოდ მიიჩნევს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს შორის წინააღმდეგობა სერიოზულ კითხვებს აჩენს.
„საქსტატის ვებსაიტზე მითითებული 3.7 მილიონიანი მოსახლეობა წინა აღწერის შედეგებზე დაყრდნობით არის დათვლილი. ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია შობადობის, სიკვდილიანობისა და მიგრაციის მონაცემებით. თუმცა, ბუნებრივი მატება უარყოფითია – მოსახლეობა 4 000-ით შემცირდა, მიგრაციულადაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს – მინუს 13 000. მიუხედავად ამისა, აღწერებს შორის 200 000 ადამიანით მატება დაფიქსირდა, რაც, ცოტა უცნაურია“, - აღნიშნა ჟვანიამ.
მისივე თქმით, აღწერის მეთოდოლოგია ითვალისწინებს იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოში 183 დღეზე მეტხანს ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა. სწორედ ამ მიდგომამ, ჟვანიას შეფასებით, საქართველოში მცხოვრები ამომრჩეველი მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება ზუსტად არ ასახოს.
ჟვანია მიუთითებს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს საქართველო 244 000-მა მოქალაქემ დატოვა, მათი ადგილი კი 230 000 უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაიკავა, რაც გავლენას ახდენს როგორც დემოგრაფიულ, ისე საარჩევნო სურათზე.
„მე, როგორც მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უფრო მადარდებს, ვიდრე მთლიანად მცხოვრებთა სტატისტიკა. პოლიტიკურად, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როცა ქვეყანაში საგრძნობლად იმატა უცხოელთა რაოდენობამ,“ - განმარტა ჟვანიამ.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ფონსა და ეკონომიკურ უთანასწორობაზე. მისი განმარტებით, მოსახლეობის 66%-ს დღიური შემოსავალი 20 ლარზე ნაკლებია, ზრდასრული მოსახლეობა კი დაახლოებით 2.8 მილიონს შეადგენს.




























